რატომ გაიზარდა საწვავის ფასი?

მიზეზად ალჟირის დიდი კომპლექსის შეჩერება სახელდება, რომელიც ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში

Your browser doesn’t support HTML5

ნავთობი

იანვარში ალყაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ იერიში ალჟირში მდებარე ნავთობმწარმოებელ კომპლექსზე მიიტანა. მათ მძევლები აიყვანეს და დანადგარები მწყობრიდან გამოიყვანეს. მთავრობამ ტერიტორია მოგვიანებით გაათავისუფლა, თუმცა შემთხვევას 37 მძევალი შეეწირა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ენერგორესურსების მთავარი საწარმოები ძირითადად უცხოელი ინჟინრებით კომპლექტდება, რაც ტერორისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მძევლად აყვანა გამოსასყიდის მხრივაც უფრო მომგებიანია და საზოგადოების მეტ ყურადღებასაც იქცევს.

ენერგიის უსაფრთხოება თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბერნარდ ვაინშტაინი მაგვაიერის ენერგიის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში საფრთხე თანდათან იზრდება.

„ახალი ის არის, რომ ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ტერორისტული მოძრაობის გაძლიერება, ერთგვარი აფეთქებაც კი შეინიშნება“ - ამბობს ის.

ექსპერტის აზრით, რისკის საშიშროებაც კი საწვავის ფასზე დიდ გავლენას ახდენს. რისკი არამარტო ფასებზე მოქმედებს, არამედ პროდუქციის წარმოებას, ტრანსპორტირებას და გაყიდვასაც აფერხებს. თანამშრომლები მზარდი რისკის მქონე რეგიონებში მეტ ხელფასს ითხოვენ და მათი დაზღვევაც შესაბამისად ძვირდება. რისკის ზრდა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებიც თანხების ჩადებისგან თავს იკავებენ, რადგან არ არიან დარწმუნებულები დიდი მოგების მიღებაში. ეს ფაქტორები საბოლოო ჯამში გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს.

კრის ფოლკნერი „ბრეთლინგ ოილის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია. მისი თქმით, ტერორისტთა მომავალი იერიშების გავლენა გამანადგურებელი იქნება.

უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ამ ერთი ინციდენტით, რომელიც შედარებით სწრაფად აღიკვეთა, მომარაგებაში სერიოზული შეფერხება მოხდა და ფასმა 50 დოლარით მოიმატა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება პანიკის შემდგომი ზრდის პირობებში, რა დაემართებათ ბაზრებს და რამხელა ზარალი მიადგება ქვეყნების ეკონომიკას“ - აღნიშნავს ნავთობმწარმოებელი ფირმის ხელმძღვანელი.

გალ ლუფტიც ენერგიის უსაფრთხოების ექსპერტია. ის გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტში მუშაობს და ამბობს, რომ კიბერშეტევები ნავთობმწარმოებლების არანაკლები შეშფოთების საგანი ხდება.

„კიბერ-ტერორისტებს კარგად აქვთ გააზრებული ნავთობკომპანიების მზარდი მგრძნობელობა ამ საკითხის მიმართ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ისინი ტექნოლოგიებს დახვეწენ და საბოლოო ჯამში საწვავის მსოფლიო ბაზარზე ქაოსის შეტანას მოინდომებენ“ - აცხადებს ანალიტიკოსი.

დღეისთვის ყველაზე სერიიოზული კიბერშეტევები ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურაზე ხდება და არა ნავთობის, ან ბუნებრივი აირის წარმოებაზე. თუმცა, ლუფტი ამბობს, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ამ სახის იერიშებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჯერჯერობით კი მსოფლიოს ბაზრებს ალჟირის ინციდენტის შემდეგ საწვავზე გაზრდილი ფასების რეალობასთან თვალის გასწორება უწევთ.