ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალებიდან 27 ადამიანი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს. ეს შეიარაღებული ძალების პირველი წარმომადგენლები არიან, რომლებიც სავალდებულო ვაქცინაციის წესის დაუმორჩილებლობისთვის დაითხოვეს.
საჰაერო ძალების მეთაურებმა სამხედროებს ვაქცინის გაკეთების ვადა 2 ნოემბრამდე მისცა. ათასობით წარმომადგენელმა ვაქცინაციაზე უარი თქვა, ან სხვადასხვა მიზეზით - რელიგიური თუ სამედიცინო არგუმენტებით - გამონაკლისის დაშვება მოითხოვა.
საჰაერო ძალების პრეს-სპიკერი ენ სტეფანეკი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საჰაერო ძალებში, როდესაც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ვაქცინასთან დაკავშირებული მიზეზით ადმინისტრაციული წესით გაათავისუფლეს. მისი განმარტებით, დათხოვილთაგან ყველასთვის ეს პირველი სამხედრო სამსახური იყო, ახალგაზრდები იყვნენ და მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები არ ყოფილან.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება მათი სამხედრო კარიერა. კონგრესში არსებული კანონპროექტით, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა, ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯარისკაცები სამხედრო სამსახურის პატივით დასრულების ჩანაწერს მიიღებენ.
პენტაგონის გადაწყვეტილებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს გაკეთებული. მათ შორის - მოქმედ ჯარისკაცებს, ეროვნულ გვარდიელებსა და რეზერვის წევრებსაც. შეიარაღებული ძალების ყველა განშტოებას თავისი ვადები აქვს შემოღებული. საჰაერო ძალებს ეს ვადა ყველაზე ადრე ჰქონდა დაწესებული.