ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის IREX-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე დარდელი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ისტორიულია და შანსი, რომ ქვეყნის პარლამენტი არ იყოს რომელიმე ერთი კონკრეტული ძალის მიერ მართული, რაც მისი თქმით, იქნება მკაფიოდ გავლებული ხაზი კრემლის მმართველობის სტილსა და დასავლური მმართველობის სტილს შორის.
"ცხადია, 31 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშნველოვანი და ისტორიულია. პირველად 90-იანი წლების შემდეგ, მას შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს აქვს შანსი, რომ აირჩიოს უფრო მრავალფეროვანი, დაბალანსებული პარლამენტი რომელიც სრულად შეძლებს ასახოს საზოგადოებრივი სიმდიდრე და განწყობები და საკანონმდებლო ორგანოს არ მართავდეს ერთი დომინანტი პარტია,"- ეს განცხადება ალექსანდრე დარდელიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს გააკეთა და სურვილი გამოთქვა, რომ როგორც წინასაარჩევნო კამპანიამ, ასევე არჩევნების დღემ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს.
ასევე ნახეთ: 90-იანი წლებიდან დღემდე - ბრუნდება, თუ არა საქართველო უკან წარსულში?დარდელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს და დაამტკიცოს, რომ ერთგულია დემოკრატიული პრინციპების.
"ქართველმა ხალხმა და დასავლეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო იმისთვის, რომ ყოფილიყო კარგი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მმართველი რგოლი ასახავდეს ქვეყნის ყველა მოქალაქის აზრს. საქართველო იქნება მკაფიო გზაგასაყარი კრემლის მმართველობის სტილსა და დასავლეთის დემოკრატიულ მმართველობას შორის. რაც შეეხება 2020-ის არჩევნებს, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება აუცილებელია, რომ პირველ რიგში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო გარემოს მშვიდად ჩატარება ძალადობის გარეშე და ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა მიეცეს საშუალება დაამყაროს თავისუფალი კომუნიკაცია ამომრჩეველთან,"- ამბობს IREX-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე დარდელი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებაც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება ექნებათ. ზოგად ვითარებაზე კი ამბობს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებულია.
ასევე ნახეთ: "ძალადობა" და "დაშინება" ამერიკის ელჩის განცხადება საპარლამენტო არჩევნებზე"ჩემთვის და ორგანიზაციისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაგარემო და ჟურნალისტების უფლებები. იმედს გამოვთქვამ, რომ ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება იმუშაონ თავისუფლად და უსაფრთხოდ. მიმაჩნია, რომ ძლიერი მედიაგარემო კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ უხეში მოპყრობა, ზეწოლა და ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ. იყო რამდენიმე ძალადობის შემთხვევა და სამწუხაროა, რომ ასეთ ფაქტებზე ჩვენ არ გვინახავს დასჯილი ადამიანები. მაგალითისთვის, 20 ივნისი შეგვიძლია ავიღოთ, ამ დღეს საქართველოში არაერთი ჟურნალისტი დაშავდა მძიმედ. როგორც მე ვიცი, ამ დრომდე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან საუბრის დროს ალექსანდრე დარდელი.
ასევე ნახეთ: კრემლის გავლენა და საქართველო საერთაშორისო კონტექსტში - „თავისუფალი რუსეთის“ ანგარიშიIREX-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და დეზინფორმაციის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ ბრძოლაში საზოგადოება, მედია არასამთავრობო სექტორი და მთავრობა ერთად უნდა იდგნენ.
ასევე ნახეთ: ელჩი დეგნანი: გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას"კრემლი წლებია აყალიბებს სხვადასხვა ე.წ. მედიაორგანიზაციებს, რომლებიც შეგნებულად ავრცელებენ ამა თუ იმ დეზინფორმაციას და გამოხატავენ სრულად კრემლის პოლიტიკას. ასეთი ერთ-ერთი ორგანიზაციაა "სპუტნიკი." კრემლი ასეთი გზებით ცდილობს მოახდინოს საზოგადოების მანიპულირება და გავლენა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მე ვფიქრობ, რომ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან მთავარი ბძოლის მექანიზმი განათლებაა და კრიტიკული ინფორმაციული უნარების ჩამოყალიბება მოქალაქეებისათვის, ამას გარკვეული დრო სჭირდება და ეს პრობლემას დაუყონებლივ ვერ მოაგვარებს. კრემლიდან მომდინარე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყანაში თავისუფალი მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები მოქალაქეებს მიაწვდიან გადამოწმებულ, სწორ ინფორმაციას. ასეთი გარემოს შექმნაში კი მთავარი როლი მთავრობას აკისრია, მან უნდა უზრუნველყოს თავისუფალი მედიაგარემოს არსებობა ქვეყანაში,"- ამბობს IREX-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე დარდელი.