იტალიაში 3 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტრეფიკინგში არიან ეჭვმიტანილები. ხის ნავი, რომლითაც 200-მდე მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ, იტალიის სამხრეთ სანაპიროს მახლობლად კლდეს შეეჯახა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულია სულ ცოტა 64 ადამიანი, რომელთა შორისაც 14 ბავშვია.
ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ალბერტო ლიპოლისის ცნობით, ეჭვმიტანილთა შორის თურქეთის ერთი მოქალაქეა, დანარჩენები კი - პაკისტანიდან არიან. ერთ-ერთი პაკისტანელი არასრულწლოვანია. ეძებენ მეოთხე ეჭვმიტანილსაც. ნავზე მყოფთაგან გადარჩენილების ნაწილი მომხდარ ტრაგედიაში სწორედ მათ ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ: კამალა ჰარისის სახლთან ასობით მიგრანტი ყინვაში, ქუჩაში დატოვეს"გამოძიების საწყის ეტაპზე ცნობილია, რომ მათ თითოეულ მიგრანტს სასიკვდილო მგზავრობის საფასურად 8 000 ევრო ($8,485) გამოართვეს", - ამბობს ლიპოლისი, რომელიც კალაბრიის ფინანსურ პოლიციას მეთაურობს, ადასტურებს, რომ დღეისთვის სამივე დაკავებულია. ლიპოლისი ჟურნალისტებს სამშაბათს, 28 თებერვალს ესაუბრა.
კატასტროფა, რომლის მიზეზიც უამინდობა იყო, ზღვაში კვირას, გათენებისას მოხდა. ხის ნავი დასავლეთ თურქეთის ქალაქ იზმირიდან იტალიისკენ მიემართებოდა. მასზე იყვნენ ავღანეთიდან, პაკისტანიდან, ირანიდან, სომალიდან და სირიიდან წამოსული ადამიანები, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.
დაკარგულთა ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება. 80 გადარჩენილი ამბობს, რომ ნავზე დაახლოებით 150-200 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დრომდე ნაპოვნია 64 ადამიანის ცხედარი, მათ შორის 14 ბავშვია.
Your browser doesn’t support HTML5