უკრაინაში აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები სამშვიდობო მისიით იმყოფებიან. ამ სახელმწიფოების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მედიატორის როლის შესრულებას მოახერხებენ. მათი ვიზიტის პარალელურად, კიევში ორი აფეთქების ხმა გაისმა და საჰაერო განგაშის სირენებიც ჩაირთო.
სამშვიდობო დელეგაციის წევრები არიან ლიდერები სამხრეთ აფრიკიდან, სენეგალიდან, ზამბიიდან, კომოროს კუნძულებიდან და ეგვიპტიდან. ისინი ამბობენ, რომ პარასკევს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებენ, შაბათს კი სანკტ-პეტერბურგში გაემართებიან და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. აფრიკელმა ლიდერებმა თავიანთი ვიზიტი ბუჩის მონახულებით დაიწყეს.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ აფეთქებები ცენტრალურ, პოდილის უბანში დაფიქსირდა. "როიტერის" ერთ-ერთი კორესპოდენტი ამბობს, რომ დედაქალაქის თავზე ორი რაკეტის ნაკვალევი ჩანდა, თუმცა ეს შესაძლოა რუსული რაკეტაც ყოფილიყო და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაკვალევიც. აფრიკელი ლიდერები სასტუმროში თავშესაფრის გამოსაყენებლად დაბრუნდნენ.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისია კარგად და "ისე მიმდინარეობდა, როგორც დაგეგმილი იყო".
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ "კინჯალის" ტიპის ექვსი ბალისტიკური რაკეტის, ექვსი ფრთოსანი რაკეტისა და ორი დრონის ჩამოგდება მოახერხეს. ქალაქის მმართველები ამბობენ, რომ მათ მსხვერპლის ან სერიოზული ზიანის შესახებ ამ დრომდე ცნობები არ ჰქონიათ. მაგრამ პოლიცია აცხადებდა, რომ სავარაუდოდ არსებობს გაურკვეველი და ჯერ დაუზუსტებელი რაოდენობის მსხვერპლი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ აფრიკელი ლიდერების დედაქალაქში ვიზიტისას, კიევზე ასეთი მასშტაბური იერიში სწორედ "სანდოობის გაზრდას" უწყობს ხელს. "რუსული რაკეტები აფრიკისთვის გზავნილია: რუსეთს მეტი ომი სურს და არა - მშვიდობა", - ამბობს კულება.