ავღანეთში ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა

თავდამსხმელს ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ფორმა ეცვა
ავღანეთის ოფიციალური პირები უარყოფენ ბრალდებას, რომ გასულ კვირას ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა აგენტმა ტერორისუტლი თავდასხმა მოაწყო. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა და ორი ამერიკელისა და ორი ავღანელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა. თუმცა, მან აღიარა ის, რომ თავდამსხმელს ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ფორმა ეცვა.

თავდასხმა ყანდაარის პროვინციაში მოხდა. ინციდენტიდან რამდენიმე საათში ნატომ და ყანდაარის ადგილობრივმა მთავრობამ განცხადებები გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავდასხმა დაზვერვის უწყების თანამშრომლის მიერ იყო განხორციელებული. ამასთან, უსაფრთხოების დირექტორატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვა, ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ თავდასხმა ნამდვილად დაზვერვის თანამშრომელმა განახორციელა.