შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ავღანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ არ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს მრავალეროვნულ კონფერენციაში, რომელიც მომავალ თვეში, რუსეთში ჩატარდება და ავღანეთის მომავლის საკითხს განიხილავს. იმავდროულად, თალიბანმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ მიწვევა მიიღეს და ღონისძიებაზე დელეგაციას გაგზავნიან.
ქაბულის და თალიბანის გარდა, მოსკოვმა 11 საკვანძო რეგიონული ქვეყანაც მიიწვია, მათ შორის: ჩინეთი, პაკისტანი და ირანი, რომლებიც 4 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქში შეხვდებიან.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიბღათულა აჰმადიმ „ამერიკის ხმას“ დღეს დაუდასტურა, რომ მისმა მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთში, მოლაპარაკებებზე, დელეგაცია არ გაგზავნოს, თუმცა არავითარი მიზეზები არ დაუსახელებია.
როგორც იუწყებიან, ავღანელი ოფიციალური პირები განაწყენებული არიან იმით, რომ თალიბანის მიწვევამდე, რუსეთმა მათთან კონსულტაცია არ გაიარა.
ასეთ ღონისძიებაში თალიბანის ოფიციალური მონაწილეობა რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ხდება და ეს რუსული დიპლომატიის გარღვევა იქნება.
აჰმადიმ განაცხადა, რომ მსოფლიოში, ავღანეთის შესახებ ნებისმიერი განვითარების ყურადღების ცენტრში, ავღანეთის ისლამური მთავრობა უნდა იყოს.
მინისტრის პრეს-მდივანმა განაცხადა: „ნებისმიერი დისკუსია, რომელიც მთავრობის მიერ წარმართული სამშვიდობო პროცესის მიღმა არის ორგანიზებული, შედეგს არ გამოიღებს“.