საზღვართან მომხდარ აფეთქებაში 10 ავღანელი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთ საზღვართან მოწყობილ აფეთქებას, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეეწირა. არიან დაშავებულებიც. ჯალალაბადის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ დაღუპულთა შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქე იყო და 2 - ავღანეთის დაზვერვის აგენტი.

აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის საზღვართან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტან მოაწყო. მას წელზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ქამარი ჰქონდა შემორტყმული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. რეგიონში მსგავს აფეთქებებს თალიბანის, ან დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მებრძოლები აწყობენ.