ქაბულში ბომბი აფეთქდა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ქაბულში სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტმა ობამამ ამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა ავღანეთის დედაქალაქი, სადაც მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

ქაბულის პოლიციის ინფორმაციით თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება ჯალალაბადის გზატკეცილზე მოაწყო, სადაც ე.წ. „მწვანე სოფელში“, უშიშროების გაძლიერებული რეჟიმის პირობებში უცხოელი კონტრაქტორები ცხოვრობენ.

ხელისუფლების განცხადების თანახმად ტერაქტის შედეგად 5 სამოქალაქო პირი და ერთი გუშაგი დაიღუპა. მეშვიდე გარდაცვლილის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ნატოს წარმომადგენლის გენერალ კარსტენ ჯაკობსონის განცხადებით ამ თავდასხმის დროს უდანაშაულო ავღანელები დაიღუპნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს, რაც მათი თქმით პრეზიდენტ ობამას ქაბულში ვიზიტის საპასუხო აქცია იყო. თალიბანის განცხადების თანახმად გაზაფხულის დადგომასთან ერთად მთელ ავღანეთში გახშირდება თავდასხმები საოკუპაციო ჯარებზე.