ავღანეთში საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნანგაჰარის პროვინციაში მოხდა.

ბომბი 20 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ოფისში აფეთქდა. ამ ეტაპზე უცნობია დაიღუპა თუ არა თავად კანდიდატი ნასირ მოჰამედი ამ თავდასხმაში.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ თავდამსხმელი თვითმკვლელი ტერორისტი იყო, რომელმაც თავი მაშინ აიფეთქა, როცა ოფისში საარჩევნო კამპანიის შეკრება მიმდინარეობდა.

ეს არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაახლოებით 2500 კანდიდატი, მათ შორის 417 ქალი დარეგისტრირდა.