სამხრეთ ავღანეთში, თვითმკვლელმა ტერორისტმა 6 პოლიციელი მოკლა

ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევს დილით, ყანდაარის პროვინციაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც ექვსი პოლიციელი დაიღუპა და ათი დაიჭრა.

რეგიონული პოლიციის მეთაურმა, სულთან მუჰამადმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მასალით დატვირთული სამხედრო „ჰამერი“, მაივანდის რაიონის პოლიციის განყოფილებას შეაჯახა. მასიურმა აფეთქებამ პოლიციის განყოფილება და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

მუჰამადის თქმით, პირველ შესასვლელთან განლაგებულმა მცველებმა, 3 ათასი კილოგრამი ასაფეთქებელი მასალით დატვირთულ „ჰამერს“ გზა გადაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ აფეთქებამდე, ტერორისტმა მეორე ჭიშკრამდე მიღწევა მოახერხა.

პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა, დაუყოვნებლივ თალიბანმა აიღო.