აშშ-ის სამხედროების ნაწილი ავღანეთში რჩება

შეერთებული შტატები ქაბულში, ამერიკის საელჩოს და აეროპორტის დასაცავად სამხედროებს დატოვებს. ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.

„ავღანეთის შემთხვევაში არ იქნება ისე როგორც სხვა ქვეყნების, სადაც ჩვენ საზღვაო უსაფრთხოების დაცვა გვყავს. ავღანეთში ჩვენ გვესმის საფრთხის დინამიური ბუნება“, - განაცხადა ჯონ კირბიმ, პენტაგონის პრესსპიკერმა.

კირბიმ დაამატა, რომ შეერთებული შტატები, ჯერ კვლავ მუშაობს დეტალებზე, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი აეროპორტის უსაფრთხოება. "ჩვენი საუბრის პარალელურად, აეროპორტში შეერთებული შტატების ჯარისკაცები არიან განლაგებულნი. რა იქნება მომავალში, ჯერ უბრალოდ არ ვიცით“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ: ავღანეთში ვითარება რთულდება - გენერალი მილერი

პენტაგონი არ ადასტურებს ცნობებს, თუ ზუსტად რამდენ ჯარისკაცს დატოვებს იქ შეერთებული შტატები, მას შემდეგ რაც ქვეყანას ამერიკული შენაერთები დატოვებენ. „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ავღანეთში შესაძლოა 650 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩეს, რომლებიც უზრუნველყოფენ დიპლომატების უსაფრთხოებას.

სამხედროების უმეტესობა ქვეყანას მომავალ რამდენიმე კვირაში დატოვებს. ოფიციალური პირები, სააგენტოს უცხადებენ, რომ დამატებით ასობით ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ადგილზე, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იქამდე სანამ სექტემბრისთვის, აეროპორტის უსაფრთხოების დაცვას თურქეთის ძალები იკისრებენ.

ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გაყვანა, პირველი მაისიდან დაიწყო. ამის შემდეგ თალიბანმა ქვეყანაში, „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ ინფორმაციით, გააორმაგა მის მიერ კონტროლირებადი რაიონების რაოდენობა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, თქვა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს, ავღანეთის ძალებს დახმარება გაუწიოს საჰაერო თავდასხმებით, მას შემდეგ რაც ჯარების გაყვანა დასრულდება. მან დაამატა, რომ კონტრტერორისტული ოპერაციები ქვეყანაში ლიმიტირებული იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როცა იქნება ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებზე ან მის მოკავშირეებზე თავდასხმა იგეგმება.

ასევე ნახეთ: სამიტი ტრანსატლანტიკური კავშირების განახლებისთვის - პრეზიდენტი ბაიდენი "ნატოს" სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პენტაგონმა, სამშაბათს განმარტა, რომ ამერიკის გასვლა ავღანეთიდან, არ ნიშნავს, ნატოს, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასასრულს. თუმცა, აღნიშნულზე მეტი დეტალებისთვის, მან ჟურნალისტებს ნატოსთან დაკავშირებისკენ მოუწოდა.

ამერიკული მხარე დებს პირობას, რომ გააგრძელებს ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას და რჩევების მიცემას შეიარაღების ოპერირების კუთხით. ნატომ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ, ავღანელების წვრთნებს, თუმცა ავღანეთის გარეთ ლოკაციაზე.