ავღანეთი და პაკისტანი ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებაზე შეთანხმდნენ

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ პაკისტანში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. მისი თანაშემწეების ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა.

ღანი ისლამაბადში ჩაფრენიდან მალევე შეხვდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი და ავღანელი ბიზნეს ლიდერები ესწრებოდნენ.

პრემიერ ხანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ლიდერები განცხადების ტექსტზე შეთანხმდნენ, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები „შეთანხმდნენ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთ ნდობასა და ჰარმონიაზე, ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობისთვის და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების დასაწინაურებლად.“

ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობას უკვე დიდი ხანია ის ფაქტორი ძაბავს, რომ ავღანეთი პაკისტანს თალიბი ლიდერების სამხედრო მხარდაჭერასა და მათ შეფარებაში ადანაშაულებს. პაკისტანი ბრალდებას უარყოფს.