სულ რამდენიმე დღის წინ ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი აირა მელმანი იუწყება, საერთაშორისო დამკვირებლები არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ.
ავღანეთის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფონდის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ავღანეთის საარჩევნო უბნებში მივლინებულმა 7,000 დამკვირებელმა ამომრჩეველთა ხმების გაყალბების ბევრი შემთხვევა აღმოაჩინა. ნადერ ნადერი ხსენებული ფონდის წარმომადგენელია. მისი თქმით:
„ხმების გაყალბება სხვადასხვა ფორმით მოხდა. დაფიქსირებულია საარჩევნო ყუთებში წინასწარ შევსებული საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა, ყალბი ხმების მიცემა, არჩევნებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა და ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო უბანში ხმების მიცემა. ამ დარღვევებს შორის ყველაზე სერიოზული საარჩევნო ყუთების შევსება იყო. ჩვენმა დამკვირებლებმა ეს დარღვევა 28 პროვინციაში განლაგებულ 280 საარჩევნო უბანში დააფიქსირეს.“
საარჩევნო უბნებიდან მოსული ცნობების თანახმად ამომრჩეველთა ხმების გაყალბების საწინააღმდეგო ზომები უგულვებელყოფილ იქნა. ერთ-ერთი ამგვარი ზომა ამომრჩეველთა თითების სპეციალური მელნით მარკირებას ითვალისწინებდა, რომლის მოცილება 72 საათის მანძილზე შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ზომა საარჩევნო ყუთების ყალბი საარჩევნო ბიულეტენებით შევსების საწინააღმდეგოდ იყო გათვლილი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხელის დაბანის შემდეგ მელანი ადვილად სცილდებოდა. ხოლო სხვა ცნობების თანახმად, ავღანელი ოფიციალური პირები აშკარად ყალბი საამომრჩევლო ბარათის მქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობას არ ეწინააღმდეგებოდნენ.
ამ ცნობების ფონზე ავღანეთის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფონდი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
ავღანეთის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვაჰიდ ომარი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ეს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში ხდება, არჩევნების შედეგად საარჩევნო კომისიამ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები მიიღო. ომარის თქმით, ავღანეთის ხელისუფლებამ ხსენებული დარღვევების გამოძიება სათანადო უწყებებს დააბარა. სწორედ ამ უწყებების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგი უნდა იყოს სანდო ინფორმაციის წყარო ავღანელი ხალხისთვის დაშვებული დარღვევების შესახებ, აღნიშნავს ვაჰიდ ომარი.
არჩევნებში ხმების გაყალბება და კორუფცია ავღანეთის გრძელვადიან პრობლემებს წარმოადგენს. საპარლამენტო არჩევნებამდე ავღანეთსა და პაკისტანში ობამას ადმინისტრაციის საგანგებო წარგზავნილმა რიჩარდ ჰოლბრუკმა აღნიშნა:
„ავღანეთში პრობლემები მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ბევრად უფრო რთულია იმის გამო, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ამ ქვეყანამ ბევრი რამ გადაიტანა. ამას აგრეთვე ხელს უწყობს საერთაშორისო კონტრაქტების სიმრავლე, განსაკუთრებით ამერიკული სამხედრო კონტრაქტების სიმრავლე, რომელიც ამგვარ საქმიანობას მომგებიანს ხდის. ამას ნარკოტიკებით ვაჭრობაც ემატება.“
ავღანეთის საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ამომრჩეველთა გამოცხადების საერთო მაჩვენებელი ჯერ არ გამოაქვეყნა, მაგრამ, როგორც ჩანს, თალიბ მეამბოხეთა მხრიდან დაშინების გამო წელს საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებელი გასულ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით უფრო დაბალი აღმოჩნდა. გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო ყუთებში 6 მილიონი საარჩევნო ბიულეტები ჩაიყარა, თუმცა მაშინაც უამრავი ბიულეტენი გაყალბებული აღმოჩნდა, რის გამოც ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებლის ზუსტი დადგენა შეუძლებელია.
კორუფციასთან დაკავშირებით ჰოლბრუკმა დასძინა:
„ავღანეთში კორუფციის სრული აღმოფხვრა ჩვენი მიზანი როდია რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ავღანელებს ისეთი ხელისუფლების შექმნაში, რომელიც ავღანელი ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და რომლის მიმართ ისინი მეგობრულად იქნებიან განწყობილნი.“
ქაბულში განლაგებული არასამთავრობო ორგანიზაცია Integrity Watch Afghanistan-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ კორუფცია ავღანელებისთვის მნიშვნელობით მესამე პრობლემას წარმოადგენს, რასაც უსაფრთხოება და უმუშევრობა უსწრებს.