ამერიკა -ავღანეთის თანამშრომლობის მომავალი

ავღანეთის და შეერთებული შტატების ლიდერებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ქვეყნიდან ამერიკის ჯარების გასვლის შემდეგაც გააგრძელებს მოქმედებას.

ახალი ხელშეკრულება 2014 წელს ავღანეთიდან ამერიკის ჯარის ძირითადი ნაწილების გაყვანის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ისახავს მიზნად.

სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ავღანეთის არმიის, პოლიციის და უშიშროების ძალების იარაღით მომარაგების გარდა, მათ გაწვრთნაში ამერიკელი სამხედრო მრჩევლების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია ავღანეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში დახმარების აღმოჩენა.

შეეერთებულ შტატებში ავღანეთის ყოფილი ელჩის საიდ თაიუბ ჯავადის განცხადებით:“ ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარება და საკონტრაქტო სისტემიდან ეკონომიკის კერძო რელსებზე გადასვლა, გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ტრანსფორმაცია.“

ავღანეთის მთავრობის სტრუქტურა 2001 წელს ბონის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა, მას შემდეგ რაც თალიბებმა ძალაუფლება დაკარგეს ქვეყანაში.

ეს საპრეზიდენტო სისტემაა, ძლიერი პარლამენტის არსებობის პირობებში. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით ავღანეთის მთავრობა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული.

როგორც შეერთებული შტატების სამხედრო ხელოვნების კოლეჯის ექსპერტი პროფესორი ლარი გორდონი აცხადებს:“ ამჟამად ყურადღება ავღანეთის უშიშროების ძალების განვითარებაზეა გამახვილებული, რასაც მე ავღანიზაციას ვუწოდებ, თუ ეს პროცესი წარმატებით წარიმართა, ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა უფრო გაადვილდება, ხელისუფლების სათავეში დღევანდელი მთავრობის დარჩენის შემთხვევაშიც.“

ავღანეთში თალიბების დამხობის შემდეგ ქვეყანას ერთი უცვლელი ლიდერი ჰყავს,- ჰამიდ კარზაი. ავღანეთის კონსტიტუციის მიხედვით კარზაის 2014 წლის შემდეგ მესამე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭის ყრის უფლება აღარ ექნება. თუმცა ჯერ-ჯერობით ავღანეთის პოლიტიკურ ელიტაში მისი შემცვლელი არ ჩანს.

პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი მაიკ მალინოვსკი აცხადებს, ხალხი არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომის ჭაობში ჩაითრიეს.

მაიკ მალინოვსკის განცხადებით:“ ავღანელთა უმრავლესობისთვის პოლიტიკური პარტია, ან სახალხო დემოკრატიულ პარტიასთან არის გაიგივებული, რომელიც კომუნისტური დაჯგუფება იყო, ან პაკისტანში შექმნილ პარტიებთან, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ასე რომ მათ არავინ ენდობა.“

ახლა ამერიკელები თალიბებთან მორიგებას ცდილობენ, თუმცა რა მიზანს ისახავენ ისინი კარგად არავის აქვს წარმოდგენილი. როგორც ყოფილი ელჩი ჯავადი ამბობს თალიბებს შესაძლოა ძალაუფლება სურდეთ.

მისი თქმით:“ რა თქმა უნდა ისინი დაინტერესებულნი არიან პოლიტიკური ძალაუფლებით, მაგრამ უნდათ თუ არა მათ ხელისუფლების სათავეში მოსვლა და რამდენად არიან მზად ძალაუფლების განაწილებისთვის ეს არავინ იცის. თუ ამ პროცესზე საერთშორისო კონტროლი არ იქნება დაწესებული, ისინი ხალისით მოვლენ კოალიციურ მთავრობაში და შემდეგ მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ეცდებიან.“

ავღანეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი შერად კუპერ-კოლსი ყოველთვის მხარს უჭერდა თალიბებთან მოლაპარაკებას. საკუთარ მთავრობის პოლიტიკისადმი უთანხმოების გამო 2010 წელს ის გადადგა თანამდებობიდან და წიგნი დაწერა „დეპეშები ქაბულიდან“, რომელშიც თავისი გამოცდილების გაზიარებას ცდილობს.

მისი თქმით:“ ავღანეთის დღევანდელი კონსტიტუცია არ მუშაობს, რადგან ის მთლიანად მოწყვეტილია ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას და გეოგრაფიას. ახლა ჩვენ ვცდილობთ მტერთან მორიგებას, ველაპარაკებით თალიბებს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში საერთო პოზიციის შესამუშავებლად. როდესაც ჩვენი ჯარისკაცები საომარ მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, ძალზე საეჭვოა რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს და ჩვენ მკაცრი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.“

მაისის მეორე ნახევარში ჩიკაგოში ნატოს შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი თემა სწორედ ავღანეთის საკითხი იქნება.