მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში

მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში

<!-- IMAGE -->

როგორც ცნობილია, მარტში ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეიმსტაუნის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია თემაზე „ უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის,“ რომელშიც თხუთმეტი ქვეყნის სამოცდაათამდე ექსპერტი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ჯეიმსთაუნის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების სპეციალისტი ბატონი ვალერი ძუცევი, რომელსაც ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ცოტა ხნის წინ გაესაუბრა.
კითხვაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხსენებული სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოში ძუცევმა ასეთი პასუხი გაგვცა:
„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება მთელი რეგიონისთვის რადგან ამით საქართველოში დაიწყო ახალი ტენდენცია ანუ საქართველომ გაითვიცნობიერა ის, რომ მას საკუთარი რეგიონალური პოლიტიკა უნდა გააჩნდეს მეზობელ სახელმწიფოებთან მიუხედავად იმისა თუ რა რთული პირობები არის შექმნილი ამჟამად. რასაკვირველია ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში ამჟამად იმდენად დაძაბულია, რომ ეს თვით საქართველოს უსაფრთხოების ინტერესბიდან გამომდინარე მოითხოვს თბილისის გაორმაგებულ ყურადღებას ამ ფეთქებადსაშიში რეგიონის მიმართ.“
რაც შეეხება პირველი კავკასიური არხის ამოქმედებას საქართველოში, ბატონ ძუცევს მიაჩნია, რომ ვინაიდან აზრის გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი განსაკუთრებული შეზღუდვებით გამოირჩევა, ამ სამაუწყებლო არხს დიდი მნიშნველობა ენიჭება. მისი თქმით:
„ჩრდილოეთ კავკასია უმეტეს წილად პრაქტიკულად ტოტალიტარული საზოგადოების პირობებში იმყოფება, სადაც აზრის თავისუფალი გამოხატულება უბრალოდ იკრძალება. ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს დაღესტანი, მაგრამ იქაც ჟურნალისტები მზარდ ზეწოლას განიცდიან. მხოლოდ დაღესტანში გასული ათი წლის განმავლობაში ათი ჟურნალისტი მოკლეს. ამდენად ალტერნატიული საინფორმაციო წყაროების შექმნა მიზანშეწონილია. მე ვფიქრობ, რომ ახალ სამაუწყებლო არხს, რომელიც საქართველოში დაარსდა და რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მაუწყებლობს, უდავოდ გამოუჩნდება მაყურებელთა აუდიტორია რადგან ნებისმიერ ახალ საინფორმაციო წყაროს ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი ინტერესით შეხვდება.“
ვალერი ძუცევს მიაჩნია, რომ მოსკოვის მეტროში მარტში მომხდარი ტერორისტული აფეთქებები ჩრდილოეთ კავკასიაში გასული ათი წლის მანძილზე განხორციელებული რუსეთის პოლიტიკის მარცხის აშკარა დადასტურებაა. ძუცევი აღნიშნავს:
„სამწუხაროდ თავდასხმების შემდეგ მე ჯერ არ შემიმჩნევია ამ პოლიტიკის ცვლილების რაიმე ნიშანი. ეს ალბათ დიდ ხანს დაიკავებს. მაგრამ შეინიშნება აშკარა მცდელობები რომელიც რუსეთისგან ჩრდილოეთ კავკასიის გათიშვას ისახავს მიზნად. მახსოვს ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის მთავრობა ამოწმებს ყველა იმ პირის საბუთს, ვინც ჩრდილოეთ კავკასიაში მიემგზავრება ან პირიქით ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის სხვა რეგიონებში მგზავრობას აპირებს. ანუ ფაქტობრივად ლაპარაკია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე სავიზო რეჟიმის მსგავსი შეზღუდვების დაწესების მცდელობაზე. როგორც ჩანს, რეგიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზრდება ეს კი პრობლემებს გამოიწვევს. მოკლევადიან პერსპექტივაში მე უბრალოდ ვერ ვხედავ მდგომარეობის გაუმჯობესების რაიმე შესაძლებლობას.“
ინტერვიუს დასასრულს ბატონმა ძუცევმა ასე დაახასიათა პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები ჩრდილოეთ კავკასიაში ექსტრემიზმთან ბრძოლაში მუსლიმანური სასულიერო პირების ჩართვის აუცილებლობის თაობაზე, რომელიც მან მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების შემდეგ რეგიონში გამართულ სამთავრობო სხდომაზე წამორთქვა:
„ბოლო ექვსი თვის მანძილზე მედვედევი რუსეთის პოლიტიკის კურსის შეცვლას ცდილობს და მას მდგომარეობის ნორმალიზაციის მიზნით გარკვეული პირების ჩართვა აქვს ნახსენები. ამას გარდა მას ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ ხერხად რეგიონის ეკონომიკური განვითარება ესახება. მაგრამ მე არა მგონია ყოველივე ეს შესაძლებელი იყოს რადგან ამ რეგიონის ყველაზე სავალალო სენია ყველგან გამეფებული კორუფცია. აქ ის უნდა ავღნიშნო, რომ კორუფციის წყარო ჩრდილოეთ კავკასიაში კი არ არის, არამედ რუსეთშია და უფრო რომ დავაკონკრეტოდ თვით მოსკოვშია. მოგეხსენებათ, რომ ფედერალური წრეები გამჭვირვალეობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ამდენად თუ რუსეთში მოდერნიზაცია არ განხორციელდა, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის მოდერნიზაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩრდილოეთ კავკასია არ საჭიროებს უზარმაზარ ინვესტიციებს. ამ რეგიონს სჭირდება წესრიგის დამყარება, თავისუფლება, და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ხალხის მხრიდან უფრო მეტი ნდობა. ხოლო ყოველივე ეს პოლიტიკური რეფორმების გატარების შედეგად მოხდება. პოლიტიკური რეფორმების გატარებას ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა უძღოდეს ამ რეფორმების გატარება თვით რუსეთში. ეს კი დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ არარეალისტურია.“