ევროპის ფინანსური ბაზრები რთულ მდგომარეობაშია. ეს სამი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული - იტალიაში პოლიტიკური კრიზისია, ევროზონა მორიგი საკრედიტო პრობლემის წინაშე დგას და ევროსკეპტიკოსი პოპულისტი პოლიტიკოსები ევროკავშირის დაშლის პროგნოზს აკეთებენ.
რა არის ამაში ახალი?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა ამ შეფასების გაკეთება და ის გაზვიადებული არ იქნებოდა. მაგრამ პოლიტიკური დრამა, რომელიც იტალიაში ბოლო პერიოდში ვითარდება, ანალიტიკოსების აზრით, იმაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირის ერთიანობისთვის, ვიდრე კავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადაწყვეტილება, ეგრეთწოდებული, "ბრექსიტი" იყო ორი წლის წინ.
საფრთხის თავიდან აცილება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ იტალიაში პოლიტიკური ვითარება სწრაფად დალაგდება.
"იტალიაში პოლიტიკური კრიზისი პირველად არ ხდება," ამბობს ნიკ ოტენსი, გამოცემა "ატლანტიკ სანტენიალის" მთავარი რედაქტორი. "მაგრამ იმას, რაც დღეს ხდება, შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ფინანსურ ბაზრებზე, ევროსა და ევროკავშირის მომავალზე," აცხადებს ოტენსი.
სამშაბათს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ევროპული აქციები და ვალუტა მასობრივად იყიდებოდა. ამან ევროს ღირებულების ვარდნა გამოიწვია. დღეს ევრო, დოლართან შედარებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ინვესტორების მიერ აქციების თავიდან მოშორება მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ევრო-სკეპტიკოსი კანდიდატის დანიშნვაზე უარი თქვა. ფინანსთა მინისტრობის ნომინანტი "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" კანდიდატი იყო, რომელიც იტალიის ევროკავშირიდან გასვლის და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, რამაც დიდი ძალისხმევის შედეგად 90 საათით ადრე შემდგარი კოალიციური მთავრობა დაშალა.
იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის დროებით მეთაურად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი კარლო კოტარელი დაასახელა. მატარელას ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ განმეორებითი არჩევნები მომავალ წლამდე გადაიდოს.
კოტარელის კანდიდატურა პარლამენტის ნდობის მოპოვებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. ორი პოპულისტური პარტიისგან შემდგარი კოალიცია მისი დამტკიცების ნაცვლად, ექსპერტების აზრით, არჩევნების დანიშნვას ივლისში მოითხოვს.
პოლიტიკურ მანევრირებას იტალიაში ყველა პოლიტიკური ძალა მიმართავს. ასევე თითქმის ყველამ არასწორი გათვლები გააკეთა, რაც იტალიას შიდა-პოლიტიკური კრიზისს ზღვარზე აყენებს. ეს კი, ეკონომისტების და ინვესტორების აზრით, ადვილად შეიძლება გადაიზარდოს კრიზისში, რომელიც კონტინენტს შეარყევს.
იტალია ევროზონის ზომით მესამე ეკონომიკაა, ევროკავშირში კი ზომით მეხუთე. ამ მასშტაბის გამო, იტალიის ევროკავშირთან დაპირისპირება ბრიუსელისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე “ბრექსიტი.”
ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ პოპულისტები ხელმეორე ანრჩევნებში პოზიციებს უფრო მეტად გაიმყარებენ.
“პოლიტიკური რისკი უფრო და უფრო იზრდება,” ამბობს მაურო ვიტორანგელი “ალიანზ გლობალიდან.” მისი აზრით, იტალიაში “პოლიტიკური სიტუაცია დღეს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.”
გასულ კვირას გამოქვეყენებული გამოკითხვის თანახმად, იტალიელების 61 პროცენტს მიაჩნია, რომ ბრიუსელი მათ აზრს არ ითვალისწინებს. პოპულისტური პარტია “ლიგის” რეიტინგი გამოკითხვის დროს დაახლოებით 22 პროცენტი იყო, რაც მარტში არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგზე ხუთი პროცენტით მაღალია.
“ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” ლიდერი ლუიჯი დი მაიო, რომელსაც მოსახლეობის 32 პროცენტი უჭერს მხარს, “ლიგის” მსგავსად, იტალიაში კოალიციური მთავრობის დაშლას გარე ძალებს და გამდიდრებულ ელიტას უკავშირებს.
ერთი ფაქტორი, რამაც პოპულისტებს შესაძლოა დარტყმა მიაყენოს და მათ მიმართ მხარდაჭერა შეამციროს, ეკონომისტი ალბერტო მინგარდის აზრით, ამომრჩეველში იმის შიშის გაჩენა იქნება, რომ ქვეყანა “გარდაუვალი ფინანსური უბედურებისკენ მიემართება.”