ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საქართველოში დაბრუნდა და კონკრეტულად, ქალაქ ბათუმში იმყოფება.
"ეს არის ჩემი ბათუმი, 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ნაციონალები არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. შეხვედრამდე სულ მალე თბილისში" – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც ერთი საათის წინ გავრცელდა.
Your browser doesn’t support HTML5
ნახევარი საათის წინ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ 3-ში თბილისში იქნება. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ, 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად, ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას“ - ამბობს სააკაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომელსაც ციხე ელოდება, სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. ის არ არის ბათუმში, ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.