ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები: არჩევნებზე დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია გაურთულდება


დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი (მარცხნივ) და რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი (მარჯვნივ)
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი (მარცხნივ) და რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი (მარჯვნივ)

2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმა" ორ სენატორს ესაუბრა, რომლებმაც ერთობლივ ინტერვიუში ორპარტიულ გზავნილებზე ისაუბრეს, საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, თუმცა დასძინეს, რომ სენატში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან. სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და ამავე ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში პოლიტიკურ მოთამაშეებს მშვიდ გარემოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ისინი ასევე საუბრობენ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე და ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის შედეგებზე. სენატორებს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

- დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ თქვენთვის ასეთ დაკავებულ და ამასთან, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში. სენატორო შაჰინ, თქვენ 2012 საქართველოში იყავით და არჩევნებს აკვირდებოდით. თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს დემოკრატიულ და საარჩევნო ციკლებს. ამ ცოდნიდან გამომდინარე, რა მოლოდინები გაქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით?

სენატორი შაჰინი: ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე ევროპის ქვეკომიტეტის წამყვან რესპუბლიკელ წევრთან ერთად გესაუბრებით. რადგან ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა. როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება.

ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ.

- სენატორო ჯონსონ, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს დემოკრატიული უკუსვლა? როგორია თქვენი მოლოდინები და რა იქნებოდა თქვენთვის მიუღებელი 2 ოქტომბრის არჩევნებზე?

სენატორი ჯონსონი: მეც მოხარული ვარ, რომ სენატორ შაჰინთან ერთად გესაუბრებით ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით და იმის გადმოსაცემად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. ჩვენ მოგვდის სამწუხარო ცნობები მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე. იმაზე, რომ ისინი კანდიდატებს არჩევნებიდან გათიშვისკენ დაშინებით უბიძგებენ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო გარემოთი. უშუალოდ არჩევნების დღეს, გვსურს ვიხილოთ სიმშვიდე და ამომრჩევლისთვის უსაფრთხო გარემო. არჩევნების შემდეგ კი, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გვსურს ვიხილოთ სრულად გამჭვირვალე გამოძიება. საბოლოო ჯამში - და ეს ნებისმიერ დემოკრატიაში ასეა - ხალხს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. დემოკრატია მხოლოდ ასე მუშაობს. მოხარული ვარ, შევუერთდე სენატორ შაჰინს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერის საჩვენებლად. ჩვენ არ ვირჩევთ რომელიმე ერთ პოლიტიკურ მხარეს, მაგრამ ჩვენ უდავოდ მოვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ - სამართლიან პროცესს.

- სენატორო შაჰინ, თქვენ აქტიურად აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც თქვენ ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენაც კი მოაწყვეთ. ამ პროცესში სენატორი ჯონსონიც აქტიურად იყო ჩართული. მაშინ თქვენ, ორივე მხარე, მოუწოდებდით კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისკენ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. როგორ ხედავთ სიტუაციას დღეს - ფიქრობთ თუ არა, რომ მხარეები დღეს იგივე პოზიციაში არიან?

სენატორი შაჰინი: დიახ, მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ აპრილის შეთანხმება, რომელსაც ჯერ ხელი მოეწერა, მოგვიანებით დაირღვა, სინამდვილეში ორივე მხარის მიერ. როგორც სენატორმა ჯონსონმა თქვა, ყველა დემოკრატიაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მათ ხალხის წინაშე აკისრიათ პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხისთვის არანაირი სარგებელი არ არის იმაში, რომ პარტიები, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ერთმანეთთან მუდამ ასეთ დაპირისპირებაში იყვნენ. ასე ხალხისთვის საქმე არ გაკეთდება. სამწუხაროდ, ვითარება ისე გამოიყურება, რომ დღეს სწორედ ეს ხდება.

ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ.

- სასამართლო სისტემა საქართველოსთვის უკვე ბევრი წელია მტკივნეული გამოწვევაა და ეს ხშირად არჩევნების შედეგებსაც უკავშირდება ხოლმე. სენატორო ჯონსონ, თქვენი აზრით, რა მოხდება იმ შემთვევაში, თუ ქვეყანა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვერ შეძლებს?

სენატორი ჯონსონი: ვფიქრობ მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი ვერ იხილავს პროგრესს, რომლის დანახვაც სურს სტაბილური დემოკრატიისა და დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთს სურს, საკუთარი მეზობლების ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის გამოწვევა. მათ არ სურთ სამეზობლოში წარმატებული დემოკრატიები, რადგან ეს ცუდად აისახება რუსეთზე. თუ საქართველო ვერ შეძლებს ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და თუ არჩევნებს დამკვირვებლები სამართლიანად და თავისუფლად არ შეაფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით გართულდება ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მიზნის შესრულება, რაც მდგომარეობს დასავლეთთან ინტეგრაციაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და თითოეული მოქალაქის უსაფრთხო და ეკონომიკურად განვითარებულ გარემოში ცხოვრებაში.

მე და სენატორი შაჰინი ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატია არ არის ადვილი, ის შეიძლება იყოს არეული, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან... ეს ყველაფერი ვიცით და ამ საკითხზე კითხვები არსებობს. მაგრამ ამ პაექრობაში ასევე უნდა წამოიწიოს საკითხები, რომლებზეც ყველა თანხმდება. ეს კი რთული არ არის. ხალხს უსაფრთხო, სტაბილურ გარემოში ცხოვრება სურს, სადაც ადამიანები საკუთარ ოჯახებზე იზრუნებენ. თუ ამ საკითხებზე თანხმობა გამოინახა, ვფიქრობ, ზოგიერთი უთანხმოების უკანა პლანზე გადაწევა შესაძლებელი გახდება. არავინ ამბობს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოება არ უნდა იყოს. მაგრამ ყურადღება გაამახვილეთ საერთო მიზნებსა და საჭიროებებზე. თუ ჩატარებული არჩევნები არ იქნა აღიარებული ყველას მიერ, ამ საერთო მიზნების მიღწევა კიდევ უფრო გართულდება.

სენატორი შაჰინი: ამ წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს სამხრეთ ოსეთში საოკუპაციო ხაზთან ვიყავი მისული. ყველაზე მეტად ჩემზე იმან იმოქმედა, თუ რამხელა გავლენა აქვს მთელს ქვეყანაზე რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის კონტროლს. ვნახე ის, თუ როგორ აფართოებს რუსეთი საკუთარ კონტროლს ამ ორი ტერიტორიის გამოყენებით. უდავოა ის, რომ რაც უფრო მეტია დაპირისპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც უფრო გართულებულია პარლამენტის მუშაობა, რაც უფრო მეტად გაუმართავია არჩევნები, მით უფრო მეტად სარგებლობს ამით რუსეთი. და ამასთან, ეს კიდევ უფრო ართულებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.

ივნისში საქართველოში ​ყოფნის დროს, ქვეყნის ლიდერებმა გვითხრეს რამდენად მაღალია მათი ინტერესი გაწევრიანდნენ ნატოში, ევროკავშირში, ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან უფრო ახლოს. ეს ყველაფერი გართულდება თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ფუნქციონირების საშუალება არ მიეცათ. ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ყველაზე საბაზისო ნაწილი კი არჩევნებია - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

- ქართულ პოლიტიკაში არჩევნების საკითხი, მით უმეტეს, ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლის განმავლობაში, განსაკუთრებით კრიტიკულია. სენატორო შაჰინ, თქვენ შარლ მიშელის დოკუმენტი ახსენეთ, რომელიც მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათ გათვლას უკავშირდება, რომ ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტს ვერ მიიღებენ. ეს კი შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო. ამ ეტაპზე მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს ნაადრევი არჩევნების დანიშვნას. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორ ხედავთ საარჩევნო სიტუაციას ამ ჭრილში?

სენატორი შაჰინი: ვიტყოდი, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ და ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელსაც შეასრულებენ. იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მის ლიდერებს შეუძლიათ ერთმანეთთან მუშაობა. დღეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.

- ბოლოს ისევ შიდა პოლიტიკაზე გკითხავთ. ქვეყანაში ვნებათაღელვა თითქოს არ წყდება და ახლა ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას არჩევნების ღამეს აპირებს. ეს შეკითხვა ორივესთან მაქვს. სენატორო შაჰინ, თქვენ დაიწყეთ თუ შეიძლება. თქვენი აზრით რა შეიძლება ამას მოჰყვეს და როგორ ხედავთ ვაშინგტონიდან ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას?

სენატორი შაჰინი: ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.

მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ.

სენატორო ჯონსონ, თქვენ რას დაამატებთ? თქვენი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ სააკაშვილი დააპატიმრა - რაც სავარაუდოდ, ასეც იქნება მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში - შეერთებული შტატები მის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს?

სენატორი ჯონსონი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა - რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

დიდი მადლობა ერთობლივი ინტერვიუს ამ შესაძლებლობისთვის და თქვენი დროისთვის. ვიცი, დრო ამოგვეწურა, თუმცა მინდა გკითხოთ ხომ არ გსურთ რამის დამატება?

სენატორი ჯონსონი: ქართველ ხალხს საუკეთეო სურვილებს ვუგზავნით.

სენატორი შაჰინი: დიახ, და კარგ, კონკურენტულ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს გისურვებთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG