უკრაინელები ალყაში არ არიან - აცხადებს უკრაინის გენშტაბი ტრამპის განცხადების შემდეგ

Ukraine grab

Ukraine grab

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინელების ალყაში მოქცევის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამ ცნობებს „მცდარს“ და „რუსეთის მიერ შეთითხნილს“ უწოდებს.

„ცნობები კურსკის რეგიონში მტრის მიერ უკრაინული შენაერთების სავარაუდო „ალყის“ შესახებ მცდარია და რუსების მიერაა შეთითხნილი პოლიტიკური მანიპულაციის, ასევე, უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით“, - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

„ვითარება ძირითადად უცვლელია გასული დღის შემდეგ. საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოპერატიული ზონაში გრძელდება“, - აცხადებს უწყება.

ამავე განცხადების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები „წარმატებით გადაჯგუფდნენ“, „იქნენ გაყვანილნი უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე და ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს კურსკის რეგიონში“.

„ჩვენი ჯარისკაცები ეფექტურად იგერიებენ მტრის შეტევას და აყენებენ მას მნიშვნელოვან ზარალს ყველა არსებული იარაღის სისტემის გამოყენებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე ცნობებით, დღეს „კურსკის მიმართულებით 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა“ და უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ.

კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, რომ დაინდოს რუსეთის ჯარების მიერ „მთლიანად გარშემორტყმული“ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე.

„ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ძალიან კარგი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“, - დაწერა 14 მარტს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.

„მაგრამ ამწუთას ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გარშემორტყმულია რუსეთის ჯარის მიერ და ძალიან ცუდ და მოწყვლად მდგომარეობაში არიან“, - წერს დონალდ ტრამპი. მას არ დაუზუსტებია, რომელ ტერიტორიას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. 2018 წლის 16 ივლისის ფოტო

„მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, დაინდოს ისინი. ეს იქნება საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უფალმა დაიფაროს ყველა მათგანი“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

მცირე ხნით ადრე დონალდ ტრამპის მრჩეველმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან გამართული ბოლო შეხვედრის, ასევე, ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადების შემდეგ.

ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30-დღიან ზავზე თანახმაა. აშშ ახლა ამბობს, რომ ჯერი რუსეთზეა, თუმცა კრემლი ჯერჯერობით თავს იკავებს მკაფიო პოზიციის გამოხატვისგან. პარალელურად, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ უკრაინის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

13 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები.

პუტინის პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინის მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტისთვის, ასეთი იყო:

„თანახმა ვართ შეწყდეს საბრძოლო მოქმედება, მაგრამ ეს წინადადება უნდა იყოს იმგვარი, რომ მოიტანოს ხანგრძლივი მშვიდობა და აღმოფხვრას“ ომის „ძირეული მიზეზები", - თქვა პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ბელარუსის მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად გამართა და რომელზეც მან მადლიერების სიტყვები გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი.

პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა - მისი შეფასებით პუტინისგან მოისმინა „ძალიან მოსალოდნელი და მანიპულაციური სიტყვები“.