ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯედაში შეხვედრა დასრულდა, უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა


ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჯედაში, საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. 2025 წლის 11 მარტი.
ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჯედაში, საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. 2025 წლის 11 მარტი.

დასრულდა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯედაში, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა. ომის დასრულების შესახებ მიმდინარე 7-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ორივე ქვეყნის მთავრობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, უკრაინა მზადაა 30-დღიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას დათანხდეს, რომელიც ამერიკამ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას შესთავაზა.

"უკრაინამ მზაობა გამოთქვა, რომ მიიიღოს ამერიკის შეთავაზება დაუყოვნებელი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის მიერ [ამ პირობის] მიღებას და ერთდროულად განხორციელებას. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის ურთიერთგაგება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები",- წერია განცხადებაში.

შევხედრის დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ აღადგინა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაცემის პროცესი.

ჯედაში გამართული მოპალარაკების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად დელეგაციას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ „უკრაინაში მშვიდობის თაობაზე ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა ასევე თქვა: „უკრაინამ დადებითი ნაბიჯები გადადგა, იმედი გვაქვს, რუსეთიც შესაბამისად მოიქცევა“. ჯერ უცნობია ზუსტად როდის შეხვდებიან ამერიკისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გააკეთა განცხადება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ და თქვა:

"ამერიკამ შემოგვთავაზა 30-დღიანი ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამხოლოდ რაკეტებისთვის, დრონებისა და ბომბებისთვის, არამედ მთელ ფრონტის ხაზზე. უკრაინა ამაზე თანახმაა და ამას დადებითად უყურებს. ამერიკამ რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ იგივე გააკეთოს".

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის თქმით, მოლაპარაკებები ეხებოდა „არსებით დეტალებს, თუ როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი“.

სამშაბათს, 11 მარტს ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე უკრაინულ დელეგაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მეთაური პავლო პალისა.

ერმაკმა ჟურნალისტებს შეხვედრის წინ უთხრა, რომ უკრაინა მზად არის „ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად“.

შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს, ერმაკმა უპასუხა: „დიახ“. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება გარანტია, რომ რუსეთი აღარასდროს გაიმეორებს იმას, რაც 2022 წელს დაიწყო.

ორშაბათს, 10 მარტს, რუბიომ თქვა, რომ იმედი აქვს ამერიკა უკრაინისთვის შეჩერებული სამხედრო დახმარების საკითხს მოაგვარებს. მისი თქმით, ამერიკა მოსმენის რეჟიმშია და მისი მიზანია გაიგოს, რა დათმობებზეა უკრაინა წამსვლელი.

„უკრაინელები უკვე იღებენ ყველა თავდაცვითი დაზვერვის ინფორმაციას, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ვფიქრობ, რომ დახმარების შეჩერების საკითხს მოვაგვარებთ. ცხადია, ვფიქრობ, რომ ის, რაც ხვალ მოხდება, ამის გასაღები იქნება“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს სამხედრო თვითმფრინავში, ჯედაში დაშვებამდე.

„ჩვენ არ ვაპირებთ ოთახში ჯდომას და რუკაზე ნახაზების შემოხაზვას. გვინდა, უბრალოდ გავიგოთ, რა დათმობებია მათთვის [უკრაინელებისთვის] შესაძლო “, თქვა რუბიომ და დასძინა, რომ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და რომ რუსეთსაც და უკრაინასაც დასჭირდებათ რთული ნაბიჯების გადადგმა საბოლოო მშვიდობის დასამყარელად.

XS
SM
MD
LG