უილსონი: პუტინი დიდი საფრთხეა და "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს

ჯო უილსონი- რესპუბლიკელი კონგრესმენი, "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე.

რესპუბლიკელი კონგრესმენი და "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, ჯო უილსონი, საქართველოს შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია: "ქართული კოშმარის არაღიარებისა" და "მეგობარი" აქტების. ორივე განახლებული შემადგენლობით შეკრებილ კონგრესში უკვე წარდგენილია და შემდგომი პროცედურების გავლას ელის.

კონგრესმენს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება, ვკითხეთ, რას ფიქრობთ "ქართული ოცნების" ბრალდებებზე მისდამი, რატომ და რა შინაარსის კანონმდებლობები წარადგინა მან და როგორ წარმოუდგენია საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს.

კონგრესმენო, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. სანამ იმ აქტებზე საუბარს დავიწყებთ, რომლებიც თქვენ წარადგინეთ, მინდა "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ წერილზე გკითხოთ, სადაც თქვენ ე.წ "დიფ სთეითის" - ჩრდილოვანი სახელმწიფოს” ნაწილად მოგიხსენიებენ, ამბობენ, რომ "დეგრადირებული პოლიტიკოსი" ხართ, რომელიც საქართველოს “აშანტაჟებს”. აქამდეც რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ თქვენი აქტიურობის ნაცვლად ფულსაც გიხდიან, რას იტყვით ამაზე?

შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

ასევე ნახეთ: "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა

კონგრესმენ კოენთან ერთად "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" წარადგინეთ. ის მსგავსია იმ აქტისა, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენეთ. თუ შეიძლება მეტი გვითხარით ამ არაღიარების აქტზე- რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი წარდგენის აუცილებლობა არსებობდა და რატომ იყენებთ სირიის მაგალითს?

პრეზიდენტ რონალდ რეიგანისეული სულისკვეთებით, ჩვენ გვსურს მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და არა - გლობალური ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და რა თქმა უნდა, ამის ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

უკვე წლებია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების [პოლიტიკა] აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით.

ძალიან მადლობელი, ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ კენჭი უყარა იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის ისევ უკრაინის ნაწილია. სწორედ ეს იყო ომის დამნაშავე პუტინის ტერიტორიული შეჭრის არაღიარება. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის". ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად ვმუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია, ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის დამნაშავე პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი.

ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის- მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის, იმ ჩაგვრის თავიდან დაწყება სურთ.... ჩემთვის წარმოუდგენელია რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს [საქართველოსთვის], ისევე როგორც უკრაინისთვის. მათ [რუსეთმა] უკვე წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს [მსგავსი პროცესები] გამუდმებით ხდება. ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა და ის "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს.

თუმცა, ბოლო რამდენიმე თვე შესანიშნავი იყო. ომის დამნაშავე პუტინი წარუმატებელი აღმოჩნდა მოლდოვის არჩევნებში და პროდასავლურმა, პროევროპულმა მთავრობამ გაიმარჯვა. რუმინეთში კი პუტინის მცდელობა, რომ ჩარეულიყო მათ არჩევნებში, უარყოფილია და ახლა მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ექნებათ. ასევე დაემხო ასადის დიქტატურა. გარდა ამისა, მამაცი უკრაინელი ხალხი ბრძოლას აგრძელებს. ომის დამნაშავე პუტინმა თავის ჯარისკაცებს 2022 წლის 24 თებერვალს უბრძანა [სააღლუმო] უნიფორმები ჩაეცვათ ომის დაწყებისას, რადგან მათ ზეიმით, გმირულად მიიღებდნენ, რაც რა თქმა უნდა არ მოხდა. უკრაინელი ხალხი მტკიცედ დადგა ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ.

ასე რომ, ისევ და ისევ, გზავნილი ნათელია: ისტორიულად, შეერთებულმა შტატებმა, არაღიარების გზით, დადებითი გავლენა მოახდინა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბოლოო განთავისუფლებაზე, ახლა კი სირიელი ხალხის თავისუფლებაზე.

ასევე ნახეთ: რუსეთის გარდა, არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ - ლორა თორნტონი

ეს [არაღიარების აქტის წარდგენა] არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იქნება ორპარტიული. ნამდვილად მოუთმენლად ველი, ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობას, რათა საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების [მოთხოვნაში] და არ უნდა მოხდეს [მთავრობის] აღიარება იქამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.

ბოლო სიტყვა მაინც პრეზიდენტ ტრამპზე იქნება, გაქვთ იმედი, რომ ის ამ კანონპროექტს ხელს მოაწერს?

დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს. ის მტკიცე [ადამიანია]. მან ძალიან ბევრი იმუშავა უკრაინაში ომის დამნაშავე პუტინის დასაბლოკად. მან [უკრაინას] ჯაველინები გადასცა ტანკების შესაჩერებლად. ისტორიაში პირველად, პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცები გააგზავნა, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" დაბლოკა. ასე რომ, დონალდ ტრამპი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულია. მჯერა, რომ ის რონალდ რეიგანის მემკვიდრეა და გააგრძელებს მის იდეას, რაც მშვიდობის სიძლიერის მეშვეობით დამყარებაა და ის ამაზე თითქმის ყოველდღიურად მიანიშნებს.

კიდევ ერთი აქტი, რომელიც თქვენ წარადგინეთ, უფრო სწორად, ხელახლა წარადგინეთ, "მეგობარი აქტია". თუმცა, ამჯერად ის გამკაცრებულია და შეეხება "ქართული ოცნების" ყველა წევრსა და მათი ოჯახის წევრებს. რატომ გაამკაცრეთ შინაარსი, რა შეიცვალა?

ჩვენ ვნახეთ ოლიგარქის განვითარება, რომელსაც ავადმყოფური გავლენა აქვს და არღვევს და ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ამის მოგვარება ნამდვილად აუცილებელია.

ძალიან მადლობელი ვარ რიჩარდ ჰადსონის (რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან), ჩვენი ერთ-ერთი თავმჯდომარის სტივ კოენის, ასევე მარკ ვისის, დემოკრატის (სენატორი ტეხასიდან). კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამაზეც არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. "მეგობარი აქტი" იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მანიშნებელი ქართველი ხალხისთვის იმისა, რომ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; მხარს ვუჭერთ იმას, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

ასევე ნახეთ: "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი": იკრძალება "ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება

ეს ძალიან მომგებიანი იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა, ათობით პარლამენტარმა და ყოფილმა დიპლომატმა მთელი ევროპიდან, ფაქტობრივად ყველა ქვეყნიდან, ხელი მოაწერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებას და არალეგიტიმური მთავრობის არაღიარებას, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობას.

ორივე კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც დემოკრატების, ისე - რესპუბლიკელების, თქვენ ამას ბევრჯერ გაუსვით უკვე ხაზი. რატომაა ორპარტიული მხარდაჭერა ასე მნიშვნელოვანი, დამეთანხმებით, ეს ნამდვილად არაა ის, რაც ვაშინგტონში ხშირად ხდება.

დიახ, მართალი ხართ. წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული დაყოფა გვაქვს. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ძალთა ბალანსი ძალიან ახლოსაა.

კარგი ამბავი კი ისაა, რომ [საქართველოზე] ორპარტიული ერთობაა. ბოლო არჩევნებით, რესპუბლიკელებს უმრავლესობა გვაქვს წარმომადგენელთა პალატაში, სენატში და პრეზიდენტიც [ჩვენი პარტიიდანაა]. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატ კოლეგებთან.

კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი ისაა, რომ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის ერთგვარი შეჯიბრია ხოლმე და ძალიან მსიამოვნებს ის, რომ "მეგობარი აქტი" ამავდროულად წარდგენილი იქნება სენატშიც. იქაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს სენატორ როჯერ უიკერისგან, რომელიც რესპუბლიკელია მისისიპიდან და სენატორ ჯინ შაჰინისგან, რომელიც დემოკრატია ნიუ-ჰემფშირიდან.

ასე რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთად მუშაობენ და ასევე ვხედავთ სად დგას დონალდ ტრამპი. ის ნამდვილი ჩემპიონია სიძლიერით მშვიდობის დამყარებაში და რონალდ რეიგანის პრინციპების შენარჩუნებაში.

თქვენ სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ, რომელმაც თქვენგან დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო. რა პოლიტიკური გზავნილი იყო ეს თქვენგან და როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა მას შესაძლებლობა ამერიკაში ვიზიტისას ახალი მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდეს?

ამის შანსი ექნება. რაც შეეხება გზავნილს: ის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმური იყო. ვიცით, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ეუთო და სხვადასხვა, განსხვავებული, კარგი სამთავრობო ჯგუფები და მონიტორინგის ჯგუფები საქართველოში ერთნაირ დასკვნამდე მივიდნენ- რომ არჩევნები გაყალბებული იყო. გაყალბებული არჩევნები კი ოფიციალურ პირებს არალეგიტიმურად აქცევს. გამოსავალი ხელახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში, დამკვირვებლების თანდასწრებით ჩატარებაა, რაც ყველასთვის მომგებიანი იქნება.

ასევე ნახეთ: მაკრონი საქართველოში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს, კობახიძე კი მას უკრაინის "მიხედვას" ურჩევს

თქვენ ხშირად და ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ჩართული ხართ ამაში. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ მეტ სანქციას და რას გვეტყვით იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი არსებულ სანქციებს. ზოგადად, როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა?

ვფიქრობ, სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე, როგორც ეს ირანის შემთხვევაშია- მაქსიმალური წნეხი. მჯერა, რომ სანქციები გამკაცრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მარკო რუბიო და მისი ოჯახი კუბიდან საბჭოთა იმპერიას გაექცნენ. გვეყოლება სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს და რომელსაც კარგად ესმის საბჭოთა სტილის მთავრობა, რომელიც ახლა ჰავანაშია. მან კარგად იცის, რა არის თავისუფლება და დემოკრატია, ის ამის ნამდვილი ჩემპიონია.

ასევეა მაიკ უოლციც, პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ისიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას. ასევე ძალიან მადლობელი ვარ, რომ გაეროში ელჩად ელის სტეფანიკი წარადგინეს.

დონალდ ტრამპის მიერ, ყველა ამ ადამიანის დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის იმუშავებს რონალდ რეიგანის ტრადიციების მიხედვით - მშვიდობა სიძლიერით. Საქართველოს წინსვლასა და თავისუფლებას ვუსურვებ.