თორნტონი: ივანიშვილის დასანქცირების გარეშე სანქციების გავლენა შეზღუდულია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი ძალოვანი მაღალჩინოსნები- შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე "მაგნისტკის გლობალური აქტის" ფარგლებში დაასანქცირა.

19 დეკემბერს დაწესებული ფინანსური სანქციების შედეგად, ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის ნებიმიერი ქონება და/ან წილები/ინტერესი იმ ქონებაში, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაშია, ან კონტროლის ქვეშაა, იბლოკება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს - OFAC-ს.

სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ ეს არის პირველად დაწესებული სავიზო შეზღუვდების სანქციებს გაფართოება და მიანიშნეს იმაზეც, რომ სამომავლოდ, შესაძლოა კდევ უფრო მეტი სანქცია ვიხილოთ.

"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელ ლორა თორნტონს ვკითხეთ, არის თუ არა საკმარისი ამერიკის მიერ ამ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯები და ზოგადად, როგორი უნდა იყოს ამერიკის სანქციების პოლიტიკა საქართველოსადმი.

ასევე ნახეთ: "ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ ევროპის გააქტიურებას ელიან" - ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში

ლორა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა, “მაგნიტსკის გლობალური აქტის” ფარგლებში ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?

ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა [მაღალჩინოსნების] ქმედებებს შედეგები მოჰყვა. იმ ძალადობის გათვალისწინებით, რასაც ისინი სჩადიოდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ წამებისთვის, რასაც ისინი დემონსტრანტების და იმ ადამიანების წინააღმდეგაც კი ჩადიოდნენ, ვინც პროტესტში არ მონაწილეობდა, ხალხის ქუჩებიდან გატაცების, მათი მიკროავტობუსებში შეყრისა და წამებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მიხარია ამ სანქციების ხილვა, არ მგონია, რომ ის საკმარისად შორს მიდის. უნდა გვესმოდეს, ვინ არის ის ხალხი, ვის წინაშეც ეს ადამიანები ანგარიშვალდებულები არიან, ვის ბრძანებებს ასრულებენ ისინი? ჩემი აზრით და ყველა იმ ქართველის აზრით, ვისაც გასული კვირის განმავლობაში თბილისში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე, ეს ბიძინა ივანიშვილია. ასე რომ, მაშინ, როდესაც მივესალმები ყველა ფინანსურ სანქციას “ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ჩადის, მგონია, რომ ამ მოძრაობის, ამ რეჟიმის ლიდერის სანქცირების გარეშე, ვშიშობ, სანქციების გავლენა შეზღუდული იქნება.

ანუ ამბობთ, რომ იმისთვის, რომ სანქციები ეფექტიანი, გავლენიანი იყოს, ბიძინა ივანიშვილისაც უნდა ეხებოდეს? ასევე, თვლით, რომ საჭიროა “მაგნისტკის გლობალურ აქტში” მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც მოხვდნენ?

დიახ, რა თქმა უნდა. არავინ მოქმედებს საკუთარი, ინდივიდუალური უფლებამოსილებით. ასე რომ, იმ მინისტრის დასჯა, რომელიც ემორჩილება პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომელიც, არაფორმალურად, და ახლა უკვე აღარც არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება… დიახ, ვფიქრობ [სანქციების სამიზნე] “ქართული ოცნების” ლიდერები უნდა იყვნენ. ფინანსური სანქციების გარეშე, ძალიან ძნელი იქნება რაიმე ბზარების გაჩენა [პარტიაში]. ასევე მჯერა, რომ “ქართული ოცნების” ჩამოშლა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს დემოკრატიის გზაზე დაბრუნება.

ასევე ნახეთ: როჰაჩი: ყველა მიზეზი არსებობს "ოცნების" ლიდერების ქონებისა და აქტივების გასაყინად

უკვე კვირებია, რაც საექსპერტო წრეებიდან, თუ ამერიკელი კანონმდებლებისგან, გვესმის მოწოდებები ფინანსური, უფრო მკაცრი, ფართო სანქციების დაწესების მოთხოვნაზე. ბევრი ამბობს, რომ ეს სანქციები დაგვიანებულია. ეთანხმებით ამას, თვლიით რომ სანქციები გაცილებით ადრე უნდა დაწესებულიყო?

დიახ, როგორც თქვენ თქვით, ამ სანქციებზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონის” [მიღებიდან] ვამბობდით, რომ სანქციები საჭირო იყო.

ვიმედოვნებდით, რომ ეს სანქციები არჩევნებამდე დაწესდებოდა, რათა ზეწოლა მოეხდინა და მთავრობის ქცევა არჩევნებამდე შეეცვალა. ეს არ მოხდა. მესმის, რომ მათი ამოქმედება ადვილი არაა და არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები, ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას [ამის გაკეთებამდე], მაინც მჯერა, რომ როცა არსებობს ნება, არსებობს გზაც.

კონკრეტულად ახლა კი, ჩემი აზრით, საქართველოსთვის კარი იხურება. საქართველო მართლაც სიბნელეში გადაეშვება, თან ძალიან მალე, რადგან “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც, მთლიანად მიიტაცა.

დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, რადგან უკვე გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა და უკვე თითქმის ზედმეტად დაგვიანებულია [ყველაფერი]. იმედი მაქვს, რომ მალე კიდევ უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაწესდება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მაგნიტსკის გლობალური აქტით” სანქციების გამოცხადებამდე, ბრიტანეთმაც დააწესა ფინანსური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკასა და ევროპას, არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ყველა ევროპულ ქვეყანას კოორდინირებული მიდგომა ჰქონდეთ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ შეთანხმებულად ვთანამშრომლობთ, ეს ერთიანი, კოორდინირებული გზავნილია. ეს “ქართულ ოცნებას” უფრო ურთულებს იმის თქმას, რომ [კონკრეტულ გადაწყვეტილებას] მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს. არა, ამას ახლა ყველა მისი ყოფილი მოკავშირე აკეთებს!

მესმის, რომ ევროკავშირისთვის მოქმედება უნგრეთისა და ახლა უკვე სლოვაკეთის პრობლემის გამო, საკმაოდ გართულდა, ეს სამწუხაროა. თუმცა, ვხედავთ ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნების ქმედებებს, ვნახეთ ესტონეთი, ლიეტუვა, გავიგეთ, რომ ჩეხეთიც ამზადებს საკუთარ სანქციებს. ასე რომ, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ-როგორც დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემთხვევაში ვნახეთ- კომუნიკაციის ხაზები [ქვეყნებს შორის] ღიაა.

ასევე ნახეთ: ბრაიზა სანქციებზე: სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართველი მაღალჩინოსნები უკვე რამდენიმე ქვეყანამ დაასანქცირა. რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს, როდესაც მისი მთავრობა პარტნიორებისგან სანქცირებულია? ამ დროისთვის, როდესაც შეიძლება არა უმრავლესობას, მაგრამ რამდენიმე პარტნიორს ისინი სანქცირებული ჰყავს, როგორ უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, სად აყენებს ეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს?

ეს საინტერესო კითხვაა. უპირველესად ბევრი შეკითხვა მაქვს იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ქართულ ბანკებთან დაკავშირებით. უკვე იყო შემთხვევა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები აამოქმედა რამდენიმე კონკრეტული მოსამართლისა და ლიდერის წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნული ბანკი კი ქართული ბანკებისგან მოითხოვდა, არ დამორჩილებოდნენ სანქციებს.

საინტერესო იქნება იმის ნახვა, რა მოხდება ახლა, რადგან თუკი ისინი უარს იტყვიან დაემორჩილონ შეერთებული შტატების სანქციებს, მაშინ რა დაემართება, მაგალითად “თი-ბი-სი” ბანკის ურთიერთობას “ჯეი პი მორგან ჩეიზთან”? რა მოხდება “სვიფტის” სისტემასთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, იქნება გარკვეული არეულობა ქართულ საბანკო სისტემაში- საქართველოს ეკონომიკა, საკმაოდ დოლარიზებულია.

მგონია, რომ საქართველო თვლის, რომ ამერიკისა და ევროპის ფინანასური დახმარების ჩინეთით, რუსეთით და სხვებით ჩანაცვლება შეუძლია. მართალია, საქართველომ საკმაო ფული იშოვა რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლით, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ეს თანხა რამდენ ხანს ეყოფა. რუსეთის ეკონიმიკაზე გათვლა, ჩემი აზრით, საშინელი შეცდომაა.

ვნახე ასევე ძალიან კარგი ანგარიში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობაზე. ქართველები საუბრობდნენ, როგორი დიდი ინვესტორი იქნება ჩინეთი, რამდენ სარგებელს მოუტანს ეს საქართველოს. თუმცა ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, ჩინეთია. ვაჭრობის 82% ჩინური პროდუქტის საქართველოში შეტანას გულისხმობს და არა პირიქით. ასე რომ, საქართველო ამ ურთიერთობით ბევრს ვერაფერს იგებს.

არც კი ვიცი, ფულისთვის შემდეგ ვისთან მივლენ, ირანთან? ვფიქრობ, მათ [საქართველოს მთავრობამ] სრულად ვერ გაიაზრა [დასავლეთთან] კავშირების გაწყვეტის შედეგები. უსაფრთხოების, სტრატეგიის, საგარეო პოლიტიკის, ფინანსების გამო, ადამიანი იფიქრებდა, რომ მათთვის უკეთესია ,თავიანთ ყოფილ მოკავშირეებთან [დასავლეთთან] დარჩნენ. ჩემი აზრით, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება ევროკავშირისა და დასავლეთთან პარტნიორობის გარეშე.

ასევე ნახეთ: საქართველოს მომავალი საფრთხეშია - სენატორებმა შაჰინმა და რიშმა სენატში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს

რადგან საგარეო ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, როგორც უკვე ვთქვით, კვირებია, რაც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან გვესმის კანონმდებლების მოწოდება ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, რომ სანქციები დააწესოს. ასევე საიდუმლო არაა, რომ "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცასთან მათ უკეთესი ურთიერთობა ექნებათ. აგვიხსენით, რამდენად მნიშვნელოვანი და იშვიათია ორპარტიული შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვაშინგტონში და გვითხარით, რას ფიქრობთ "ქართული ოცნების" იმედებზე?

როგორც იცით, რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ თანხმდებიან, ასე რომ ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრათ "ქართულ ოცნებას", რომ ისინი შეთანხმებამდე მიიყვანა, რადგან ეს [საქართველოსადმი მიდგომა] არის აბსოლუტურად ორპარტიული მხარდაჭერის მქონე. მთელი კვირის განმავლობაში კონგრესში მქონდა შეხვედრები და არანაირი განსხვავება არაა იმაში, როგორ აღიქვამენ დემოკრატები და რესპუბლიკელები იმას, რაც საქართველოში ხდება. რაც ხდება კი ისაა, რომ "ქართული ოცნება" არის ანტიდემოკრატიული ძალა, არჩევნები საეჭვო იყო, საჭიროა ახალი არჩევნები, რომ არსებობს ძალადობა და ასე შემდეგ- ამაზე კონგრესი ერთიანია.

ვფიქრობ, გასაოცარია იმის მოსმენა, რომ "ქართულ ოცნებას" სჯერა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ გადაარჩენს. ტრამპის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და არც მისი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ვარ, მაგრამ რაც გამოცდილებით ვნახეთ ისაა, რომ ის საქმიანი გარიგებების ძლიერი მხარდამჭერია. . არ ვიცი, რა შეუძლია საქართველომ მას ყურადღების ნაცვლად შესთავაზოს. მას სხვა პრიორიტეტები აქვს, ის ჩინეთსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული. ასე რომ ძალიან უადგილოა "ქართული ოცნების" იმედები, რომ ტრამპი მოვა [ძალაუფლებაში] და საქართველოზე ფოკუსირდება.

ბოლო კითხვა დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე მინდა დაგისვათ- ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, ეს სანქციები დაეხმარება თბილისის ქუჩაში მდგარ დემონსტრანტებს იმის მიღებაში, რაც სურთ და რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, ნება მომცით გკითხოთ, რას ფიქრობთ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევაზე და პარლამენტის ლეგიტიმურობაზე, რადგან სწორედ პარლამენტი ირჩევს ახლა პრეზიდენტს?

ამაზე აქამდეც დამიწერია- პარლამენტის მოწვევა კანონიერი პროტოკოლის მიხედვით არ მომხდარა. პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს, თუ ჯერ კიდევ არსებობს გამოსაძიებელი საარჩევნო საქმეები და იმ დროისთვის ეს საქმეები ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში იყო განსახილველად. ასევე, პარლამენტის მოწვევა პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და მას ეს არ გაუკეთებია. რადგან პროტოკოლი არ დაცულა, ამიტომ პარლამენტიც არაა კანონიერი.

ამის შემდეგ კი იქმნება საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარიც პარლამენტისგან შედგება და მთელ პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა თავიანთ მანდატზე უარი თქვეს. შემდეგ იყო ე.წ დანიშვნა-არჩევნები ამ ახალი პრეზიდენტისა.

ასე რომ ბევრი იურიდიული გაურკვევლობაა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ არსებობს კითხვები იმაზე, არის თუ არა სანდო ამ არჩევნების შედეგები და გამოხატავს თუ არა ის ქართველი ხალხის ნებას, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს.

ასევე ნახეთ: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს

რაც შეეხება ახალი არჩევნებისკენ მოწოდებას: რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალი არჩევნების ჩატარება ინსტიტუციების ცვლილების გარეშე, ალბათ, იმავე შედეგს მოიტანს.

საჭიროა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება; ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში; საჭირო იქნება მასშტაბური ცვლილებები იმ ორგანოებში, რომლებიც არჩევნებზე გავლენას ახდენენ, მაგალითად, მნიშვნელოვანია ტელეკომპანია “იმედის” როლი; საჭიროა რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში მუშაობის საშუალება ჰქონდეს და ა.შ

ასე რომ, ხელახალი არჩევნები არაჩვეულებრივია, მაგრამ მათი ჩატარება ხვალვე ვერ მოხდება. საჭიროა ინსტიტუციების რეფორმა და ამის გასაკეთებლად ერთადერთი გზა ისაა, რომ "ქართული ოცნება" მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ან გარკვეულწილად, დაიშალოს.