გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი"

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რასაც არხის ჟურნალისტები და წამყვანებიც ესწრებოდნენ.

"მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად თვითონაც ჩაერთოს "ქართული ოცნებისგან" წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს.

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს "მთავარი არხი". ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მისი დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით", - თქვა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე.

გაბუნიას თქმით, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და არხის დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებებით, კომპანია უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება გაფორმებული კონტრაქტებიც, "რაც ზუსტად ის არის რაც ["ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს], ბიძინა ივანიშვილს სჭირდება".

მისივე ცნობით, თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად, ზაზა ოქუაშვილი "აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს" აყენებს და ამტკიცებს, რომ თითქოს "მთავარი არხის" თანამშრომლებს "ბიძინა ივანიშვილი მფარველობს".

"სინამდვილეში ყველაფერი ნათელია და პირიქითაა", - ამბობს ის და ამატებს, რომ ეს გადაწყვეტილება ოქუაშვილმა მისი სასამართლო დავის გამო მიიღო.

"ზაზა ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ, პირიქით, სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ძალიან სჭირდება "მთავარი არხით" მანიპულირება", - ამბობს გაბუნია.

იგი აღნიშნავს, რომ არხი "იბრძოლებს" და ეთერში დარჩება მანამ, "სანამ შეძლებენ".

"ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი - ზაზა ოქუაშვილის სახით - ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის".

მისივე სიტყვებით, გოგი ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა ოქუაშვილის წარდგინებით და ერთადერთი ამოცანით, რომ "დამფუძნებელს ჰქონოდა ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად".

გაბუნია ამბობს, რომ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია და, რომ იგი არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს.

"ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე აკეთებს, ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს", - თქვა გიორგი გაბუნიამ.

"მთავარ არხში" წილები და გენერალური დირექტორის თანამდებობა არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ 2024 წლის თებერვალში დათმო, რის შემდეგაც გიორგი გაბუნია ოფიციალურად გახდა გენერალური დირექტორი.

გენერალური დირექტორის გარდა, არხში დაინიშნა კიდევ ორი დირექტორი - ისინი ყველაზე დიდი წილების მფლობელებმა დაასახელეს. ტელეკომპანიის მეწილეების გადაწყვეტილებით, თანამდებობა დაიკავეს გიორგი ქურდაძემ და მანუჩარ ახალაიამ.

მანუჩარ ახალაია ამ თანამდებობაზე დაასახელა ბაკურ ჯახაიამ, გიორგი ქურდაძე - BGIM-მ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.

"მთავარი არხი" 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. არხის დაფუძნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დასრულდა რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესები და "რუსთავი 2" საბოლოოდ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.