ბლინკენი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას ულოცავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს, უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს და კომისართა ახალ კოლეგიას მუშაობის დაწყებას და დასძინა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მჭიდრო პარტნიორები არიან, იზიარებენ, რა დემოკრატიულ ღირებულებებს და აქვთ ხალხთა შორის აქტიური კავშირები”.

ბლინკენმა გამოთქვა იმედი, რომ გაგრძელდება ასეთივე ურთიერთობა ახალ კომისიასთან, საბჭოს ხელმძღვანელობასთან, ევროკავშირის პარლამენტთან, მის პრეზიდენტთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გლობალური უსაფრთხოების, კეთილდღეობის და დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად.

ანტონიო კოსტა, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ახალმა ევროკომისიამ ოფიციალურად მუშაობა დღეს, პირველ დეკემბერს დაიწყო.