კანონიერია, თუ არა 25 ნოემბერს პარლამენტის თვითშეკრება?

25 ნოემბერს, პარლამენტის თვითშეკრების პარალელურად, ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს

“ქართული ოცნება“ იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ, 25 ნოემბერს, მაინც აპირებს ახალი პარლამენტის შეკრებას. „ოცნება“ პირველ სხდომაზე გეგმავს: სცნოს 150 დეპუტატის უფლებამოსილება, შექმნას ფრაქციები, აირჩიოს სპიკერი, რომელიც ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება და დააკომპლექტოს კომიტეტები.

ლეგიტიმაცია არის საფუძველი რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ მართოს სახელმწიფო, მარტო პოლიცია, ჯარი, ფული არ არის საკმარისი, საჭიროა ხალხმა გაღიაროს, ამიტომ ვფიქრობ რომ "ოცნებას" დათმობაზე წასვლა მოუწევს
სიმონ ჯანაშია, მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", კოალიცია "ძლიერი საქართველო"

პირველი სხდომის გახსნას „ოცნება“ 89 დეპუტატის მეშვეობით აპირებს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის 61 დეპუტატი სხდომას არ დაესწრება, დიდი ნაწილი მანდატებზეც უარს ამბობს. პარალელურად, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოსთან, დიდი საპროტესტო მიტინგია დაგეგმილი.

ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ამჯერად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარი აღარ განმეორდება, როცა ოპოზიციამ თავიდან, ასევე არ აღიარა არჩევნების შედეგები, მაგრამ შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში მაინც შევიდა.

„რა თქმა უნდა, 2020 წელთან არის მსგავსება, მაგრამ არის ძალიან დიდი განსხვავებაც“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ სიმონ ჯანაშიამ, მოძრაობა „თავისუფლების მოედნიდან“, რომელიც არჩევნებში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.

მისი თქმით, „მაშინ „ოცნებას“ ლეგიტიმურობის კრიზისი ნაკლებად ედგა, გაყალბების აღრიცხვაც ნაკლებად ხდებოდა. როგორც ჩანს, ასეთი მასშტაბის გაყალბებაც არ მომხდარა. პოლიტიკური პარტიებიც არ იყვნენ „ოცნებასთან“ ურთიერთობაში გამოცდილნი. ახლა ვიცით, რომ „ოცნება“ არ ასრულებს დანაპირებს, შეთანხმებებს არღვევს, არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებთანაც დაარღვიეს შეთანხმება.

Your browser doesn’t support HTML5

ჯანაშია: "2020 წელთან არის მსგავსება, მაგრამ არის ძალიან დიდი განსხვავებაც"

ამასთან, ახლა „ოცნების“ პოლიტიკაა გაცილებით საშიში, წინასწარ გვითხრეს, რომ აპირებენ პოლიტიკური პარტიები აკრძალონ, რაც მაშინ არ იყო. რეალურად, საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაც ხდება. პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ არ აინტერესებთ ევროპელები რას ფიქრობენ, რამდენად გადაიწევს ჩვენი ევროინტეგრაციის ვადები. ახლა სხვა სიტუაციაა, შიდაპოლიტიკურიც და საგარეო პოლიტიკურიც, თავისთავად.

პარლამენტს უფლება არა აქვს, კენჭი უყაროს ვინმეს უფლებამოსილების ცნობას, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება
ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი

ლეგიტიმაცია არის საფუძველი, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ მართოს სახელმწიფო. მარტო პოლიცია, ჯარი, ფული არ არის საკმარისი, საჭიროა ხალხმა გაღიაროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ოცნებას" დათმობაზე წასვლა მოუწევს“ - გვითხრა სიმონ ჯანაშიამ.

კონსტიტუციონალისტების აზრით, 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წლის არჩვენებს ფუნდამენტურად ისიც განასხვავებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი არ აპირებს, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნას.

უფრო მეტიც, ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების შედეგების ანულირება მოითხოვა. კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძე დარწმუნებულია, რომ ამ ფონზე, პარლამენტის თვითშეკრება არაკონსტიტუციურია.

ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს ითხოვს

„პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. რაც პარლამენტის წევრად არჩეული 150-ივე პირის არჩევის კანონიერების გასაჩივრებას ნიშნავს.

მაშასადამე, დროებით სამანდატო კომისიას უფლება არა აქვს, პარლამენტს წარუდგინოს თუნდაც ერთი პირი უფლებამოსილების ცნობისთვის, ხოლო პარლამენტს უფლება არა აქვს, კენჭი უყაროს ვინმეს უფლებამოსილების ცნობას, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება“ - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

„ეს, რა თქმა უნდა იქნება კანონისგან სრულიად აცდენილი და დაარღვევს არსებულ კანონმდებლობას, თუ პარლამენტი მაინც შეეცდება სცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, რომელთა არჩევის საკითხი გასაჩივრებულია.
ნინო ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

იგივე აზრზეა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც: „საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო“.

თუ, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა და დროებითმა სამანდატო კომისიამ მაინც სცნო დეპუტატების უფლებამოსილება, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა - მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნონა ქურდოვანიძესაც.

„ეს რა თქმა უნდა, იქნება კანონისგან სრულიად აცდენილი და დაარღვევს არსებულ კანონმდებლობას, თუ პარლამენტი მაინც შეეცდება სცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, რომელთა არჩევის საკითხი გასაჩივრებულია. პრეზიდენტი სადავოდ ხდის 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკითხს, ის ამ სარჩელით ამბობს, რომ ამ დეპუტატების არჩევა კონსტიტუციის შესაბამისად არ მომხდარა.

ამიტომ სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, დაუშვებელია, რომ პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მაინც მოახდინოს და შეუდგეს საქმიანობას“ - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

Your browser doesn’t support HTML5

ქურდოვანიძე: "პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტამდე, დაუშვებელია დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მოხდეს"

„ქართულ ოცნებაში“ კონსტიტუციონალისტების და მესამე სექტორის შეფასებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, პარლამენტის თვითშეკრება „უკანონოა“ „სისულელეს“ და „ტყუილს“ უწოდებენ.

ბიძინა ივანიშვილის პარტიას განსაკუთრებით, არც ის ადარდებს რომ თვითშეკრებილი პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

შალვა პაპუაშვილი, რომელიც „ოცნებამ“ ისევ სპიკერად წარადგინა, ისევ 2020-21 წლებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ ოპოზიცია კვლავ „პუფებივით შემოლაგდება“ ახალ პარლამენტში.

„შეგვიძლია წუთობრივად აღვიდგინოთ რა ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. ხო იგივე სცენარია? ზუსტად იგივე ბაქი-ბუქობა, მერე ყველა პუფებივით შემოლაგდა პარლამენტში. ვნახე საია-ს განცხადება, რომელიც ზუსტად კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს, პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ ცნობს სალომე ზურაბიშვილის სარჩელიდან გამომდინარე, რაც არის ტყუილი
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი

„შეგვიძლია წუთობრივად აღვიდგინოთ რა ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. ხო იგივე სცენარია? ზუსტად იგივე ბაქი-ბუქობა, რაც ჰქონდათ მაშინ გამართული და ყველა პუფებივით შემოლაგდა პარლამენტში" - განაცხადა პრესკონფერენციაზე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ოპოზიციონერებმა "აღიდგინეს პარტიული დაფინანსება, რომელზეც უარი თქვეს, თითქოს, და შემდეგ კანონი შეგვაცვლევინეს იმისთვის, რომ პარტიული დაფინანსება აღედგინათ. აღიდგინეს ხელფასები და ის, რაც განაცდური ჰქონდათ, ისიც ჩაირიცხეს-მსუყე თანხები. პარლამენტისთვის პირიქით კარგი იქნება, რომ არ შემოვიდნენ, ამით, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ეკონომია ექნება პარლამენტს.

აი, ბევრი ბაქი ბუქი რომ ჰქონდათ გამართული რომ მანდატებზე იტყვიან უარს, 25 ნოემბერი დადგება, როდესაც უფლებამოსილება იქნება ცნობილი, აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას.

პრობლემა მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ ოპოზიცია იქცევა რადიკალურად, პრობლემა არის როცა ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები და ვნახე, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომელიც ზუსტად კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს, პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ ცნობს სალომე ზურაბიშვილის სარჩელიდან გამომდინარე, რაც არის ტყუილი“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ მისივე გადაწყვეტილებით, 25 ნოემბერს, პარლამენტის პირველ სხდომაზე "ელჩებს აღარ იწვევს", "მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით".

26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ 89 დეპუტატი გაიყვანა, ოპოზიციურმა პარტიებმა: „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ – 19, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 16, „ძლიერმა საქართველომ“ – 14 და ყოფილი პრემიერის გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ – 12 დეპუტატი.

Your browser doesn’t support HTML5

პაპუაშვილი: რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იგივე სცენარია

საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცეს მხოლოდ უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ირანმა, ვენესუელამ და ჩინეთმა.

დასავლეთმა ოფიციალურ თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები.

სავადაუდოდ, დეკემბერში, თბილისში ჩამოვა ევროკომისიის ტექნიკური მისია, რომელიც არჩევნებზე მომხდარ მასშტაბურ დარღვევებს შეისწავლის.