რუსეთმა კიევზე კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა, უკრაინის დედაქალაქ კიევზე, გასულ ღამეს სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა. მოსახლეობა თავს მეტროს სადგურებს აფარებდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი პოპკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე ათამდე დრონი გაანადგურა.

უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო ძალებმა, რუსეთის თავდასხმისას, დაახლოებით, 96 სხვადასხვა „საჰაერო თავდასხმის იარაღი“ გამოავლინა. მათ შორის, საზენიტო რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენი, ფრთოსანი რაკეტები, „ისკანდერ-მ“ ტიპის სტრატეგიული რაკეტები და „შაჰედის“ დრონები.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 48 წლის მამაკაცი დაიჭრა კიევის გარეუბანში, ბროვარიში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა კი მეხანძრეების სურათები გაავრცელა, რომლებიც ადგილზე გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

რუსეთის საჰაერო თავდასხმას წინ უსწრებდა აშშ-ის სახხელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ რუსი ჯარისკაცების გვერდით, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა ბრძოლა დაიწყეს.

”10,000-ზე მეტი DPRK (ჩრდილოეთ კორეელი) ჯარისკაცი გაგზავნეს აღმოსავლეთ რუსეთში და მათი უმეტესობა გადავიდა ქვეყნის დასავლეთით, კურსკის რეგიონში, სადაც მათ დაიწყეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში რუსეთის ჯარებთან ერთად”, - განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამშაბათს ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვს, რათა განეხილათ ბრძოლის ველის დინამიკა. პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაირომა პეტ რაიდერმა თქვა - „მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, პრეზიდენტ ბაიდენის ერთგულება, უკრაიინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდის შესახებ.“