ტრამპი ჰარისის წინააღმდეგ: ამერიკელი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე მიდიან

რესპუბლიკელ დონალდ ტრამპსა და დემოკრატ კამალა ჰარისს შორის თავბრუდამხვევი საპრეზიდენტო შეჯიბრი გაურკვეველ ფინიშთან მივიდა. სამშაბათს მილიონობით ამერიკელი საარჩევნო უბნებზე მიდის, რათა ქვეყნის განვითარების შესახებ ორ მკვეთრად განსხვავებულ ხედვას შორის არჩევანი გააკეთოს.

საარჩევნო რბოლა უპრეცედენტო მოვლენების თანხლებით მიმდინარეობდა. ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის ორი მცდელობა, პრეზიდენტ ბაიდენის რბოლიდან მოულოდნელი გამოთიშვა და ჰარისის სწრაფი აღმასვლა. მილიარდობით დოლარის დახარჯვის და დაძაბული კამპანიის მიუხედავად, არჩევნების შედეგების შესახებ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ასევე ნახეთ: რას ნიშნავს დემოკრატებისთვის, წინასაარჩევნოდ, ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა?

არჩევნების დღის პირველმა ბიულეტენებმა ქვეყანაში არსებული დაყოფა ასახა. შუაღამის შემდეგ, ნიუ-ჰემფშირის შტატის პატარა დასახლება დიქსვილ ნოჩის ექვსი რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმები, ჰარისსა და ტრამპს შორის გაიყო.

აღმოსავლეთ სანაპიროს ორ ათეულზე მეტ შტატში, საარჩევნო უბნების გახსნა დილის 7 საათზე დაიწყო.

ტრამპის კამპანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა საკუთარი გამარჯვება უკვე არჩევნების ღამესვე გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ბიულეტენი ჯერ კიდევ არ დათვლილა. ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ნებისმიერი დამარცხება მხოლოდ ფართომასშტაბიანი გაყალბებით იქნება შესაძლებელი. შესაძლოა გამარჯვებული დღეების განმავლობაში ვერ გამოვლინდეს, თუ საკვანძო შტატებში კანდიდატებითვის მიცემულ ხმებში ისეთი მცირე განსხვავება აღმოჩნდება, როგორსაც მოელიან.

თეთრ სახლში ვინც არ უნდა აღმოჩნდეს, ეს არჩევნები მაინც ისტორიული იქნება.

60 წლის ჰარისი, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, შესაძლოა გახდეს პირველი შავკანიანი და სამხრეთ აზიელი ქალი პრეზიდენტი.

78 წლის ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტი ორჯერ სცადეს და პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც კრიმინალური მსჯავრი დასდეს. ის შეიძლება გახდეს პირველი პრეზიდენტი, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, პრეზიდენტი ორჯერ, არამიმდევრობით გახდება.

სარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანდიდატებს თითქმის თანაბარი პოზიციები აქვთ იმ შვიდ შტატში, რომელიც სავარაუდოდ გამარჯვებულს გამოავლენს. ეს შტატებია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილანია და ვისკონსინი.