ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ლატვია უერთდება ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას, საქართველოს შესახებ. თუმცა, ისა ასევე ამბობს, რომ დოკუმენტი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების სერიოზულობის აღწერაში "ძალიან სუსტია".
„ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად ეჭვისა, რომ ის ძალიან სუსტია საარჩევნო დარღვევების სერიოზულობის აღწერაში“, - დაწერა ბრაჟემ სოციალურ ქსელ X-ზე.
განცხადება, გუშინ, 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მას ხელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ და წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. განცხადებაში ასევე ისმის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეებისადმი, რომ პროტესტი და მასზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევასლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ვიზიტის შესახებაც. ბრაჟე წერს, რომ ორბანი, რომელიც თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ჩავიდა, ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს.
„და - დიახ, ბატონი ორბანი საუბრობს მხოლოდ თავისთვის, არა ლატვიისათვის და არც ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე, ხმების 50%-ზე მეტით, მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.