მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო".
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანმა მას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკასა და შესაძლო სანქცირებაზე ჰკითხა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ განცხადებები "შანტაჟის შემცველია" და მას "გლობალური ომის პარტიის მხრიდან კოორდინირებული" უწოდა.
ასევე ნახეთ: სტანო: ვიმედოვნებთ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება"მე ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით, მობილიზებაა დიდი, საზოგადოება გაცნობიერებულია, უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ობიექტურობას სცილდება.
რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამანაც უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს.
იმის იქით, მე პირადად, აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს... ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ერთი მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული", - თქვა მან.
ივანიშვილმა, ასევე არჩევნების შემდეგომ დღეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი პროგნოზით, 27 ოქტომბერი იქნება "ძალიან მშვიდი".
"დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდაც მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, ყველა დღე, ერთი კვირა, ორი კვირა, სანამ ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე", - აღნიშნა მან.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.