ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტანო: ვიმედოვნებთ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება


პეტერ სტანო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი.
პეტერ სტანო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პეტერ სტანომ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან მანამ, სანამ ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. ასე მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მას ჰკითხეს, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, ისევე როგორც მოლდოვასთან, საქართველოსთანაც მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.

"ჩვენი დახმარება საქართველოსადმი ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობასთან, ბოლო დრომდე, ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული მიმართულება შეიძინა, რაც განხილულიც იყო რამდენჯერმე წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე ევროკავშირის ლიდერების დონეზეც.

ამ ეტაპზე, საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ოფიციალური პირებისგან მოდის, მთავრობის წევრებისგან. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებთან“, - განაცხადა პეტერ სტანომ.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განზრახ - მოქმედებებით, განცხადებებით, კანონებით - არ უახლოებენ საქართველოს ევროკავშირს", არამედ დააშორეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, მედიას 18 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შეფასებისას განუცხადა.

ომის და მშვიდობის საკითხები წინასაარჩევნო კამპანიაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:19 0:00

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, ევროპულ გზაზე საქართველოს დაბრუნების საშუალებად, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას მიიჩნევენ.

პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG