სუს-ი: არჩევნების წინ „პროვოკაცია ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით მზადდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების” გავრცელება იგეგმება.

სუს-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.

სუს-ის თანახმად, „ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”, მიზანი კი არის „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება”.

სუს-ის განცხადებითვე, „ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პროვოკაციის მთავარ მიზნად” ასახელებს „საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნას და აგორებას” და ქვეყანაში „დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის”.

სუს-ის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ამ ჯგუფების საქმიანობას და კანონდარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავენ.

რომელ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებულ რა ჯგუფებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის.