ხელოვნური ინტელექტის ორმა პიონერმა, ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა, ფიზიკაში ნობელის პრემია მოიპოვეს. ერთ-ერთი გამარჯვებულის თქმით, მათი აღმოჩენები და გამოგონებები, ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებით მანქანების სწავლის სფეროში, რევოლუციურია ჩვენს მუშაობასა და ცხოვრებაში, მაგრამ ეს ასევე ქმნის ახალ საფრთხეებს კაცობრიობისთვის.
ჰინტონი, რომელიც ცნობილია, როგორც ხელოვნური ინტელექტის ნათლია, კანადისა და ბრიტანეთის მოქალაქეა და ტორონტოს უნივერსიტეტში მუშაობს, ხოლო ჰოპფილდი ამერიკელია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობს.
„ფიზიკაში წლევანდელი ნობელის პრემიის ორმა გამარჯვებულმა გამოიყენა ფიზიკის ინსტრუმენტები, რათა შეემუშავებინათ თანამედროვე, ძლიერი მანქანათმცოდნეობის საფუძველი“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
ჰინტონმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ცივილიზაციაზე „უზარმაზარ გავლენას“ მოახდენს, რაც პროდუქტიულობასა და ჯანდაცვას გააუმჯობესებს. ”ეს შედარებული იქნებოდა ინდუსტრიულ რევოლუციასთან”, - თქვა მან ჟურნალისტებთან და შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ პირებთან ღია საუბრისას.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია მედიცინაში მიკრო რნმ-ის აღმოჩენისთვის, ორ ამერიკელს გადაეცემა7 ოქტომბერს, შვედეთის ნობელის კომიტეტმა, მედიცინის დარგში გამარჯვებულები გამოაცხადა. გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ორი ამერიკელი, ვიქტორ ამბროსი და გარი რავკანი არიან. მათ ნობელის პრემია მიკრო რიბონუკლეინმჟავის (რნმ) აღმოჩენისთვის მიენიჭათ. ეს ერთგვარი გენეტიკური მასალაა, რომელიც გავლენას ბევრი გენის მუშაობაზე მოლეკულურ დონეზე ახდენს. ვიქტორ ამბროსი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობდა, როცა აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.
ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა მილიონი დოლარითაა განსაზღვრული. გამარჯვებულებს პრიზს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელს ატარებს და სამეცნიერო, ეკონომიკის და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
9 ოქტომბერს გამოცხადდება გამარჯვებული ქიმიაში, 10 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში.