რუსეთი „კატასტროფულ შედეგებზე“ აფრთხილებს დასავლეთს და უკრაინას, თუ კიევი ბელარუსის წინააღმდეგ იმოქმედებს

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

20 სექტემბერს, რუსეთმა დასავლეთი და უკრაინა „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, თუ კიები ზომებს მიიღებს რუსეთის ახლო მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ. მოსკოვმა მიანიშნა, რომ ის ჩაერევა იმ ქვეყნის დასაცავად, სადაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს განლაგებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ბელარუსის საზღვარზე მზარდი „პროვოკაციული“ მოქმედებით და თქვა, რომ არ გამორიცხავს, რომ რეგიონში ესკალაციის მცდელობა შეიძლება იყოს.

ასევე ნახეთ: ზელენსკი ბაიდენს და ჰარისს შეხვდება, შორი რადიუსის იერიშებზე დისკუსია გრძელდება

6 აგვისტოს, უკრაინის ძალების რუსეთის კურსკის რეგიონში მოულოდნელი შეჭრიდან სულ რამდენიმე დღეში, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე თქვა, რომ კიევს შესაძლოა ჰქონდეს ბელარუსზე თავდასხმის შესახებ იდეები.

მინსკმა, რომელმაც უკრაინა დრონებით მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა, მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე დამატებით ჯარებს აგზავნიდა. თუმცა, კიევმა განაცხადა, რომ სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ მიღებულ ინფორმაციას, სასაზღვრო ზონაში უკრაინული ძალების მოქმედებების გააქტიურების შესახებ. ჩვენ თვითონ ვხედავთ ამ ფაქტებს და ვიცით უკრაინული მხარის მუდმივი მცდელობების შესახებ, დრონებისა და ტერორისტების რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაგზავნის თაობაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.

გასულ თვეში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანას „არასდროს უმოქმედია და არ აპირებს რაიმე არამეგობრულ ქმედებებს ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ“.