20 აგვისტოს ღამით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში თავისი მეცხრე ვიზიტი დაასრულა. ის ფიქრობს, რომ ისრაელს და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა სასწრაფოდაა აუცილებელი.
კვირის დასაწყისში ისრაელში გამგზავრების შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის მომლაპარაკებლების მიერ წარდგენილი გარდამავალი შეთავაზება, ბლინკენი კაიროში და დოჰაში ოფიციალურ პირებს შეხვდა.
„ყოველდღე გვაქვს კავშირი ისრაელთან და ჩვენი კატარელი და ეგვიპტელი პარტნიორები უკავშირდებიან „ჰამასს“. მომავალ დღეებში ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა პირველი: „ჰამასი“ გარდამავალი შეთავაზების განხილვაში ჩავრთოთ და შემდეგ უზრუნველვყოთ, რომ ორივე მხარე მუშაობს და თანხმდება მისი ცხოვრებაში გატარებისთვის აუცილებელ დეტალებზე, რაც ყველაფრის დაწინაურების საშუალებას შექმნის“, თქვა ბლინკენმა.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელი აშშ-ის წინადადებაზე თანახმაათუმცა, „ჰამასმაც“ მიანიშნა, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შეთავაზების ასპექტები არ მოსწონთ და შეთანხმება ისევე მიუწვდომლად გამოიყურება, როგორც როდესმე ყოფილა.
ახალ განცხადებაში „ჰამასმა“ თქვა, რომ უკანასკნელი შეთავაზება იმის „შეტრიალებაა“, რაზეც ადრე დათანხმდა და შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ უსიტყვოდ ეთანხმება იმას, რასაც „ჰამასმა“ ისრაელის „ახალი პირობები“ უწოდა.
იმავდროულად, ნეთანიაჰუმ ღაზაში დატყვევებული მძევლების ნათესავებს უთხრა, რომ საკვანძო მიზანი „საშინაო და საგარეო დიდი წნეხის პირობებში, ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოების აქტივების შენარჩუნებაა“.
ეგვიპტის ლიდერმა ელ-სისიმ განაცხადა, რომ თუ ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი არ შეჩერდება, შესაძლოა ის უფრო ფართო, რეგიონულ ომში გადაიზარდოს.
„დადგა დრო დასრულდეს მიმდინარე ომი და სიბრძნეს დავეყრდნოთ, უპრატესობა მშვიდობის და დიპლომატიის ენას მივანიჭოთ’, - თქვა ელ-სისიმ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად ქვეყანა ძალისხმევას და კომუნიკაციას გააგრძელებს.
ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ომი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად დაიწყო. არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა "ჰამასმა", ისრაელზე თავდასხმისას, 1 200 ადამიანი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა.
ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შედეგად, 100-ზე მეტი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა. მიიჩნევა, რომ ღაზაში, დაახლოებით, 110 მძევალი კვლავ რჩება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა მესამედი მოკლულია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, ამ დრომდე, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენია მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა