საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აქვს მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მყოფ ამერიკელ კანონმდებლებს არ ხვდება.
„მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ ისაუბრონ ამ მიზეზზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე, ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდათ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.
„იმაზე დაყრდნობით, რაც ხალხისგან გვესმის, ნათელია, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია. ამდენად, სამწუხაროა, რომ ისევ არ შეგვხვდა“, - თქვა სენატორმა შაჰინმა 11 აგვისტოს.
ასევე ნახეთ: სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოს პრემიერი არ ჩანს დაინტერესებული აშშ-სთან ურთიერთობების გაგრძელებითბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენსაც. როგორც მაშინ, 14 მაისს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ივანიშვილი „შანტაჟის ქვეშ“ შეხვედრებს ვერ გამართავს. მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აინტერესებს“ და „არასერიოზულად უყურებს“ სანქციების საკითხს.
„ყველა შემთხვევაში, უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს“, - თქვა 14 მაისს ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში იმ დღეს ჩამოვიდა, როცა პარლამენტი „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით იღებდა, სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი კი - ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.
აშშ, ისევე როგორც საქართველოს პარტნიორი სხვა ქვეყნები, ხელისუფლებას მოუწოდებდა, არ მიეღო ეს კანონი, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.