ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ორშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს. ის იორდანიის მეფე აბდულა მეორესაც შეხვდება. კვლავ არსებობს რისკი, რომ რეგიონში დაძაბულობა, შესაძლოა, გამწვავდეს, კონფლიქტი გაფართოვდეს და მასში ირანიც ჩაერთოს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ორშაბათს გამართული ბრიფინგისას თქვა, რომ ირანს არ სურს რეგიონში დაძაბულობის გაძლიერება, მაგრამ უფლება აქვს დასაჯოს ისრაელი იმ თავდასდხმისთვის, რომლის სამიზნეც თეირანში დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა. "ჰამასი" დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ირანი ისრაელს ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ადანაშაულებს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ბეირუთში ისრაელის სამიზნე დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ეს დაჯგუფებაც ირანის მიერაა მხარდაჭერილი, თუმცა თეირანია ამას ოფიციალურად უარყოფს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას თქვა, რომ ირანი და მის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები ცდილობენ ისრაელი "ტერორიზმით მოახრჩონ".
"ჩვენ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ მტკიცედ დგომას ყველა ფრონტზე და ყველა არენაზე, ახლოს თუ შორს. ვინც კი ეცდება ჩვენთვის ზიანის მოყენებას, ამისთვის ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის", - თქვა მან.
ასევე ნახეთ: დასავლეთის ქვეყნები თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ ლიბანი დატოვონორშაბათს, იაპონიამ და თურქეთმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდეს. მანამდე, იგივე გააკეთა შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, კანადამ, ბრიტანეთმა და იორდანიამ. მიზეზად კი საფრთხის შესაძლებლობა დაასახელეს.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კვირას ირანს ეწვია და იქ ესკალაციის დასრულების აუცილებლობაზე და რეგიონში "მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბულურობის" საჭიროებაზე ისაუბრა.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინი, კვირას, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ესაუბრა და თქვა, რომ ხაზი გაუსვა ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი და მის უფლებას, თავი დაიცვას ირანისგან მომდინარე საფრთხეებისგან.
შეერთებული შტატები კი, პენტაგონის თანახმად, რეგიონში საჰაერო სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო მეტ ტექნიკას აგზავნის. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი კვირას, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების პირველ დიპლომატებს ესაუბრა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვის დაუყოვნებლივ საჭიროებაზე ისაუბრა.