ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ქვეყნები თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ ლიბანი დატოვონ


ფოტო არქივიდან: წინა პლანზეა აშშ-ის საზღვაო ძალების ბირთვული ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი".
ფოტო არქივიდან: წინა პლანზეა აშშ-ის საზღვაო ძალების ბირთვული ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი".

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მთავრობებმა, მათმა დასავლელმა პარტნიორებმა და ასევე იორდანიამ, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს სასწრაფოდ დატოვონ ლიბანი. შაბათს, 3 აგვისტოს, ამერიკის საელჩომ ბეირუთში თანამოქალაქეებს ურჩია, ლიბანიდან "ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით" გავიდნენ.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მატულობს. მანამდე, პარასკევს საღამოს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ იქ დამატებითი ძალები, სამხედრო გემები და გამანადგურებლები გააგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორისაა ბირთვული ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი". პენტაგონის განმარტებით, ეს შემდგომი ესკალაციის შეკავების მიზნით ხდება, ვინაიდან არსებობს ირანის მხრიდან ისრაელზე საპასუხო იერიშის მიტანის რისკი.

ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ, თავის მოქალაქეებს ბრიტანეთმაც მოუწოდა, ვიდრე იქ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ სრულდება. ლონდონი სწრაფ ევაკუაციაში დასახმარებლად, ბეირუთში დამატებით სამხედრო მოსამსახურეებსა და დიპლომატიურ პერსონალს აგზავნის.

არსებობს მოლოდინი, რომ ლიბანში დაფუძნებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“, რომელსაც "ჰამასის" მსგავსად, ირანი აფინანსებს, შესაძლოა თავის თავზე აიღოს შურისძიება, რომლითაც თეირანი ისრაელს ემუქრება. ამის მიზეზი 31 ივლისს, ირანის დედაქალაქში, დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მოკვლა გახდა. ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანი, ოფიციალურად, ისლამისტური დაჯგუფებების მხარდაჭერას უარყოფს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა, არ ეხმარება რეგიონში სამშვიდობო პროცესის დაწინაურებას. უკვე რამდენიმე თვეა, ვაშინგტონი ღაზის სექტორში ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე ომში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

გასული წლის 7 ოქტომბერს, აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. მათ მოკლეს 1200 ადამიანი, 250 კი დატყვევეს და ღაზაში მძევლად წაიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. შედეგად, „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ დრომდე, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 40 000-მდე პალესტინელი დაიღუპა, 2.3 მილიონამდე ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG