ისმაილ ჰანიე, „ჰამასის“ ირანში მოკლული ლიდერი, პალესტინელთა დაჯგუფების საერთაშორისო დიპლომატიის წარმომადგენელი იყო მაშინ, როცა ღაზის სექტორში ომი მძვინვარებს. ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, მისი სამი ვაჟი დაიღუპა.
მიუხედავად მისი მკაცრი რიტორიკისა, ბევრი დიპლომატის მიერ ის ღაზაში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით, "ზომიერ ლიდერად" მიიჩნეოდა.
ასევე ნახეთ: "ჰამასის" განცხადებით, ირანში, დაჯგუფების ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლესჰანიე, „ჰამასის“ ლიდერად დანიშვნის შემდეგ, ბლოკადაში მოქცეული ღაზისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, ძირითადად, თურქეთსა და კატარში ცხოვრობდა. ასე მას შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში და ჩასულიყო მოკავშირე ირანში.
„ნორმალიზების შესახებ ყველა ეს შეთანხმება, რომლსაც თქვენ [არაბულმა სახელმწიფოებმა, ისრაელთან] მოაწერეთ ხელი, ამ კონფლიქტს არ დაასრულებს“, - განაცხადა ჰანიემ კატარში დაფუძნებულ ტელეკომპანია „ალჯაზირას“ ეთერში საუბრისას, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შევიდნენ და ისრაელის მონაცემებით, დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლეს, 250 კი დაატყვევეს და ღაზაში მძევლად წაიყვანეს.
ისრაელმა ამ თავდასხმას სამხედრო ოპერაციით უპასუხა, რომლის შედეგადაც, ამ დრომდე, „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 39 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მაისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა მოითხოვეს, „ჰამასის“ სამი ლიდერის, მათ შორის ჰანიეს დაკავების ორდერი გაცემულიყო. პროკურორებმა, სავარაუდო ომის დანაშაულების საფუძველზე, იგივე მოითხოვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შემთხვევაშიც. ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებმა, ბრალდებები უარყვეს.
საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული ვაჟები
„ჰამასის“ 1988 წლის დამფუძნებელი წესდება ისრაელის განადგურებას მოითხოვს. თუმცა, „ჰამასის“ ლიდერები, ზოგჯერ გამოდიოდნენ ისრაელთან გრძელვადიანი ზავის ინიციატივითაც. სანაცვლოდ კი, პალესტინელთა მთელ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის მიერ 1967 წლის ომის შემდეგ იყო ოკუპირებული, პალესტინის სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნას ითხოვდნენ. ისრაელი ამას მზაკვრულ საომარ ხრიკად მიიჩნევს.
"ჰამასმა", რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული, 1990-იან და 2000-იან წლებში, ისრაელში არაერთი თვითმკვლელი თავდამსხმელი გააგზავნა.
2012 წელს, საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" კითხვაზე პასუხად, თქვა თუ არა უარი „ჰამასმა შეიარაღებულ ბრძოლაზე", ჰანიემ უპასუხა - „რა თქმა უნდა, არა“ და განმარტა, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდებოდა „ყველა ფორმით - სახალხო წინააღმდეგობით, პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო წინააღმდეგობით.“
„ჰამასის“ განცხადებით, ჰანიეს სამი ვაჟი - ჰაზემი, ამირი და მოჰამედი, 10 აპრილს, მათ ავტომბილზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. „ჰამასისვე“ ცნობით, თავდასხმის შედეგად, ჰანიემ ასევე დაკარგა ოთხი შვილიშვილი - სამი გოგონა და ერთი ბიჭი.
ჰანიემ უარყო ისრაელის მტკიცებები, რომ მისი ვაჟები დაჯგუფების მებრძოლები იყვნენ და კითხვაზე პასუხად, მოახდენდა თუ არა მომხდარი გავლენას ზავის თაობაზე მოლაპარაკებებზე, თქვა, რომ „პალესტინელი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას“.
ასევე ნახეთ: ისრაელმა ბეირუთში "ჰეზბოლას" პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა„მთელმა ჩვენმა ხალხმა და ღაზის მკვიდრთა ყველა ოჯახმა, მათი შვილების სისხლით მძიმე საფასური გადაიხადა და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ”, - თქვა მან და დასძინა, რომ ომში მისი ოჯახის, სულ მცირე, 60 წევრი დაიღუპა.
მიუხედავად მისი მკაცრი საჯარო განცხადებებისა, არაბი დიპლომატები და ოფიციალური პირები, მას შედარებით პრაგმატულ ლიდერად განიხილავდნენ, ვიდრე „ჰამასის“ სხვა მეთაურებს, რომლის სამხედრო ფრთამაც, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმა დაგეგმა.
ჰანიე ერთი მხრივ, ისრაელის სამხედროებს ეუბნებოდა, რომ ისინი „ღაზის ქვიშაში დაიხრჩობოდნენ“, მეორე მხრივ კი, ის და მისი წინამორბედი, რეგიონში, კატარის შუამავლობით, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ. მოლაპარაკებების საგანი იყო მძევლების გაცვლა ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე და ღაზისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარება.
ისრაელი, "ჰამასის" ყველა ლიდერს ტერორისტებად მოიხსენიებს და ჰანიეს, მეშაალს და სხვებს, „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მართვაში“ ადანაშაულებს. მაგრამ, რამდენად იცოდა ჰანიემ წინასწარ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ, გაურკვეველია. ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო საბჭოს მიერ შედგენილი გეგმა იმდენად მკაცრად დაცული საიდუმლო იყო, რომ „ჰამასის“ ზოგიერთი ოფიციალური პირი შოკირებული იყო მისი დროულობითა და მოცულობით. თუმცა, ჰანიემ, სუნიტმა მუსლიმმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, ნაწილობრივ შიიტ მუსულმანურ ირანთან კავშირების დამყარებით, რომელიც ჯგუფისადმი თავის მხარდაჭერას არ მალავს.
იმ ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ჰანიე იყო ჰამასის მთავარი ლიდერი ღაზაში, ისრაელმა ბრალი დასდო მის ხელმძღვანელ გუნდს, ჯგუფის სამხედრო ფრთისკენ ჰუმანიტარული დახმარების გადამისამართებაში. ჰამასმა ეს უარყო.
„შატლის დიპლომატია“
როდესაც ჰანიემ 2017 წელს ღაზა დატოვა, ის იაჰია სინვარმა ჩაანაცვლა, უფრო ხოსტი მიმართულების წარმომადგენელმა, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი გაატარა ისრაელის ციხეებში და რომელსაც ჰანიე 2011 წელს, პატიმართა გაცვლის შემდეგ ღაზაში დაბრუნებულს შეხვდა.
„ჰანიე ხელმძღვანელობს „ჰამასის“ პოლიტიკურ ბრძოლას არაბულ მთავრობებთან ერთად“, - თქვა მის მკვლელობამდე ადიბ ზიადემ, კატარის უნივერსიტეტის პალესტინელთა საკითხების მკვლევარმა და დასძინა, რომ მას მჭიდრო კავშირი აქვს ჯგუფში და მის სამხედრო ფრთაში უფრო რადიკალურ ფიგურებთანაც. „ის „ჰამასის“ პოლიტიკური და დიპლომატიური ფრონტია“, - თქვა ზიადემ.
ჰანიე და მეშაალი ოფიციალურ პირებს ეგვიპტეში შეხვდნენ, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი კაიროსაც ჰქონდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰანიე ნოემბრის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, რათა ირანის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვედროდა. მაშინ, სამმა მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ხამენეიმ იმ შეხვედრაზე "ჰამასის" ლიდერს უთხრა, რომ ირანი არ ჩაერთვება ომში, რადგან თეირანმა წინასწარ არ იცოდა, ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ. მაშინ, „ჰამასმა“ არ უპასუხა კომენტარის თხოვნას მანამ, სანამ Reuters-ი ამ თემაზე სტატიას გამოაქვეყნებდა, გამოქვეყნების შემდეგ კი ეს ცნობა უარყო.
ახალგაზრდობაში ჰანიე ღაზის ისლამური უნივერსიტეტის აქტივისტი სტუდენტი იყო. ის „ჰამასს“ 1987 წელს, პალესტინელთა პირველი ინტიფადას (აჯანყების) დროს, შექმნისთანავე შეუერთდა, ის მალევე დააკავეს და მცირე ხნით გადაასახლეს. ჰანიე "ჰამასის" დამფუძნებლის, შეიხ აჰმად იასინის პროტეჟე გახდა, რომელიც ჰანიეს ოჯახის მსგავსად, აშკელონის მახლობლად მდებარე სოფელ ალ ჯურადან ლტოლვილი იყო. 1994 წელს მან „როიტერს“ განუცხადა, რომ იასინი იყო "მაგალითი ახალგაზრდა პალესტინელებისთვის" და თქვა:
„ჩვენ მისგან ვისწავლეთ ისლამის სიყვარული და ამ ისლამისთვის თავგანწირვა და არა - ამ ტირანებისა და დესპოტების წინაშე დაჩოქება“. 2003 წლისთვის ის იყო იასინის სანდო თანაშემწე.
ჰანიე „ჰამასის“ პოლიტიკურ საქმიანობას ემხრობოდა და 1994 წელს თქვა, რომ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება „ჰამასს“ მისცემდა შესაძლებლობას "გაუმკლავდეს განვითარებულ მოვლენებს“. თავდაპირველად, „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ ეს წინადადება უარყო, თუმცა მოგვიანებით მიიღო და ჰანიე 2016 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პალესტინელთა პრემიერ-მინისტრად დანიშნა. მანამდე ერთი წლით ადრე, ღაზა ისრაელის სამხედროებმა დატოვეს. დაჯგუფებამ ღაზაზე კონტროლი 2007 წელს მოიპოვა.