ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას კი ამ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი აქვს. როუზ გიოტმიოლერი, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას 2016-19 წლებში იკავებდა და როგორც ამ რანგში, ასევე, მანამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში, საქართველოს არაერთხელ ესტუმრა. გიოტმიოლერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5
ქართლოს შარაშენიძე, ამერიკის ხმა: ელჩო გიოტმიოლერ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. ნატო აცხადებს, რომ ვაშინგტონის სამიტი საეტაპო მნიშვნელობის იყო. დღის წესრიგის სამი მთავარი მიმართულება შეკავების და თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და არაწევრ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავება იყო. თქვენი ზოგადი დაკვირვებით დავიწყოთ - წარმატებული იყო ეს სამიტი?
როუზ გიოტმიოლერი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე: ვფიქრობ, ამ სამი ძირითადი მიზნის მისაღწევად, სამიტმა ძალიან კარგად იმუშავა და ეს გააკეთა ისე, რომ აჩვენა, თუ რამდენად ძლიერი და თანმიმდევრულია ალიანსი ბოლო 75 წლის განმავლობაში განცდილი ამდენი აღმავლობისა და ვარდნის შემდეგ. 75 წლის თავზე, თქვენ ხედავთ, რომ ნატო, როგორც ინსტიტუტი, ძალიან ძლიერია, აგრძელებს მუშაობას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის და ამასთან ერთად, შეკავებისა და საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე სულ რაღაც ხუთი წლის წინ იყო, როცა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ვიყავი. ამას, რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის აგრესიას ვუკავშირებ, ეს ნატოს მოკავშირეებისთვის ნამდვილი გამოფხიზლების ზარი იყო.
და ბოლოს, ამ სამიტმა ნათლად აჩვენა ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც ნატომ განავითარა. მართალია, აქცენტი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებზე გაკეთდა, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილეთ ძლიერი გზავნილი ნატოს ყველა პარტნიორისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ ნატოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას და ძლიერი კავშირების განვითარებას, დიდი სარგებელი მოაქვს.
ასევე ნახეთ: ექსკლუზიური ინტერვიუები ჯონ ბოლტონთან და როუზ გიოტმიოლერთანამერიკის ხმა: ახლახან საქართველო ახსენეთ და ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად, სამიტის დეკლარაციაში, ალიანსმა არ გაიმეორა ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. რას ნიშნავს ეს, რა გზავნილია ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის, ნატოსგან?
გიოტმიოლერი: დიდ ყურადღებას ვუთმობ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ვიცი, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, ცოტა ხნის წინ, გააუქმა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოში უნდა ჩატარებულიყო. მიზეზი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს ყველაზე უცნაურ, მე ვიტყოდი, ეჭვებს, რომ თითქოს, როგორღაც, ნატო, დასავლეთი, საქართველოს ხელისუფლების დამხობას და საქართველოს პლაცდარმად გამოყენებით, ომის მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება. ვფიქრობ, სწორედ ეს უსაფუძვლო ბრალდებებია, რის გამოც თავდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ამ წვრთნების შეჩერება. საქართველოსგან ასეთი დაშორება ხდება არა მხოლოდ ნატოს, არამედ ასევე ევროკავშირის კონტექსტში. ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან დასანანია.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში, საქართველოში ჩემი ბოლო ოფიციალური ვიზიტი 2019 წლის ოქტომბერში შედგა. ბათუმში მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს ყველა მუდმივი წარმომადგენელი წავიყვანე. ფანტასტიკური ვიზიტი იყო. ჩვენ ვნახეთ ნატოს მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა საქართველოს სანაპირო დაცვასთან და ყველა სამუშაო, რასაც ნატო საქართველოს სანაპიროების დაცვის უზრუნველსაყოფად აკეთებდა. ასე რომ, დღევანდელი ვითარების გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს არ არის საქართველო - ნატოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რასაც მე ვიცნობდი.
ამერიკის ხმა: თქვენ პენტაგონის გადაწყვეტილება ახსენეთ, საქართველოში სამხედრო წვრთნის განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ და ასევე პროექტები, რასაც საქართველოში ნატო ახორციელებდა. როგორ ხედავთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მომავალს?
დღევანდელი ვითარების გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს არ არის საქართველო - ნატოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რასაც მე ვიცნობდი.როუს გიოტმიოლერი
გიოტმიოლერი: ეს არის საკითხი, სადაც ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ იმედიც და არსებული რეალობაც. დიდი იმედი მაქვს, საქართველო კვლავ იქნება ნატოს ისეთივე ძლიერი პარტნიორი, როგორიც მრავალი წლის განმავლობაში იყო. როცა მე ნატოში ვიყავი, უკრაინელები უკვე იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ დონბასში და ამ ათწლეულის განმავლობაში, 2014 წლიდან დღემდე, ვფიქრობ, ნატო-საქართველოს ურთიერთობას დიდი ყურადღება ეთმობოდა. თავად საქართველო, თბილისი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც წლების განმავლობაში, ნატოსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ეს ძალიან ინტენსიური პარტნიორობა, მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა იყო და ასევე ძალიან პრაგმატული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს სანაპირო დაცვის მშენებლობა, ქართველი სამხედროების მომზადებასა და ოპერირებაში დახმარება, რათა ისინი გამხდარიყვნენ ნატოს ძალებთან თავსებადი. ასე რომ, ჩემი ხედვით, ეს იყო ძალიან პრაგმატული და პრაქტიკული პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნატოსა და საქართველოს შორის ასეთ ინტენსიურ და მჭიდრო პარტნიორობას.
უდავოა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგიდაზე უნდა დარჩეს. ეს ჩემი იმედია, მაგრამ რა არის რეალობა? ვფიქრობ, რეალობა ნამდვილად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ვიცი საქართველოს მთავრობის განწყობები და რა თქმა უნდა, მისი პროპაგანდისტული ხაზები, ამ ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი მომავალი რეალობა, - გაგრძელდება თუ არა ჯანსაღი, პრაგმატული და ინტენსიური ურთიერთობა, ნატოსა და საქართველოს შორის.
ამერიკის ხმა: პენტაგონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა და ის ასევე დაეფუძნა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დაეწყო ამერიკა-საქართველოს ყველა თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. საბოლოოდ, ვიხილეთ ქართველ ოფიციალურ პირებზე დაწესებული სავიზო შეზღუდვები, გადადებული ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მეგობრულ ქვეყნად? რა სახის ურთიერთობაა ახლა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის?
ასევე ნახეთ: "წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი”, - პენტაგონის პრესსპიკერიგიოტმიოლერი: აშკარაა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ძლიერ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და განიხილავს საქართველოსთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების მიტოვების შესაძლებლობას. ასე რომ, ვფიქრობ ეს გადამწყვეტი მომენტია. მიმაჩნია, რომ ქართველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ მათი მტკიცე მისწრაფება, დაუახლოვდნენ არამხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ ასევე სხვა ქვეყნებს, დასავლეთ ევროპაში.
ვიცი, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ასევე, შეზღუდვები დააწესა საქართველოს დაფინანსების გარკვეულ ნაკადებზე. ეს აჩვენებს, რომ ახლა მხოლოდ ვაშინგტონი არ არის საქართველოსთან ურთიერთობების გადაფასების პროცესში, არამედ ასევე მთელი ევროკავშირი. ასე რომ, ისევ და ისევ, გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. იმედი მაქვს, მომავალ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლებელი იქნება მათი მხრიდან ძლიერი გზავნილის გაკეთება - „აი, აქ გვინდა ვიყოთ, ჩვენ გვსურს ვიყოთ ნატოსა და ევროკავშირის ძლიერი პარტნიორები. ჩვენ გვსურს, საბოლოოდ, ამ ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წევრები გავხდეთ და გვსურს გვქონდეს ჯანსაღი და ძლიერი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან.“
ვფიქრობ, გონივრულია ის, რასაც ახლა ვაშინგტონი და ევროპის დედაქალაქები აკეთებენ, - მოვლენებს აფასებენ და ამბობენ - საქართველოში რაღაც ხდება, რაც ძალიან ნეგატიურია და დემოკრატიული პრაქტიკის თვალსაზრისით, არასწორი მიმართულებით მიდის.
ამერიკის ხმა: როდესაც პენტაგონმა საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები გააუქმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები დააზიანებს, როგორც საქართველოს, ასევე თავად შეერთებული შტატების ინტერესებს. რა ზიანი შეიძლება მიადგეს საქართველოს, მოვლენათა ამგვარი განვითარებით და შეერთებული შტატების რა ინტერესი შეიძლება დააზიანოს ამან?
ასევე ნახეთ: „ამ საფუძველზე ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება“, - ფრიდიგიოტმიოლერი: საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, მათ შორის, სპეციალური ოპერაციების ძალებმა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ავღანეთში, სერიოზული შეტევების დროს. ასე რომ, ჩვენ ვიცით მათი სიმამაცის, მათი სამხედრო შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ. ეს იმ ტიპის შესაძლებლობები და უნარებია, რომლებიც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, მართლაც არაჩვეულებრივად განავითარა შეერთებული შტატების არმიასთან თანამშრომლობით, ნატოსთან წვრთნითა და მუშაობით. ვფიქრობ, ამის გაგრძელება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებშია. ამგვარი თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოს ვერონული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
მაგრამ, თუ საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში და იმ საშინელ აგრესიულ ომში ჩათრევაში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, შეერთებულ შტატებს, ნატოს, ევროკავშირს არ შეუძლიათ უბრალოდ გვერდზე გადგნენ და თქვან - კეთილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც გავაგრძელოთ წვრთნები. ამგვარი ნეგატიური განცხადებებისა და პროპაგანდისტული მტკიცებების პასუხად, რაც კეთდება, [საქართველოს] ხელისუფლებას რაღაც გზავნილი უნდა მიეღო. მათ უნდა ჰკითხონ, სურთ თუ არა თანამშრომლობა და თუ საქართველოს მთავრობის პასუხია არა, მაშინ ისევ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, სურს თუ არა ამგვარი თანამშრომლობის გაგრძელება და საკუთარი არჩევანი, საარჩევნო ყუთში ასახოს.
ასევე ნახეთ: ბენ ჰოჯესი: რუსეთის საფრთხის ფონზე, სამხედრო შესაძლებლობების შეჩერება ქართულ ჯარზე გავლენას იქონიებსამერიკის ხმა: ბოლოს მინდა საქართველო ჩინეთის ურთიერთობების შესახებ გკითხოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხშირად ამბობს, რომ საქართველოსთან ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, შეერთებული შტატებისთვის მაგალითი უნდა იყოს. როგორ ხედავთ თბილისი-პეკინის ურთიერთობების მომავალს, რა შესაძლო რისკები და სარგებელი ახლავს ამას საქართველოსთვის?
გიოტმიოლერი: როგორც ყოველთვის, შეერთებულ შტატებსა და ნატოს ყველა წევრ ქვეყნას სწამს, რომ თოთოეულმა ქვეყანამ, თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობები სურს ჰქონდეს. როდესაც ვფიქრობ ჩინეთთან ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ყველაზე ხშირად ეკონიმიკურ პარტნიორობაზე, ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვფიქრობ. ვიცი, რომ სარტყელისა და გზის ინიციატივა, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების აქტიური ასპექტი იყო. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს მეტწილად ეკონომიკური ურთიერთობებია. მაგრამ, თუ თქვენ ფიქრობთ თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე, საქართველოს შესაძლებლობაზე დაიცვას საკუთარი თავი, მე ვიტყოდი ბევრად უკეთესი პოზიცია იქნებოდა, გააგრძელოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან, - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ეს დიდი სარგებელია.
მეღიმება, რადგან ვფიქრობ, კარგია გყავდეს ყველანაირი მნიშვნელოვანი მეგობრები და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა პოულობს გზებს იმისთვის, რომ იმუშაოს როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს ნულოვანი ჯამის თამაშია, ერთი მეორის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ქვეყნები ძალიან ჭკვიანურად ახერხებენ იპოვონ გზები, როგორ იმუშაონ ეფექტურად როგორც ვაშინგტონთან, ასევე პეკინთან.
Your browser doesn’t support HTML5