აშშ-ის სენატორი მენენდესი, სასამართლომ მექრთამეობის საქმეზე დამნაშავედ ცნო

სამშაბათს შეერთებული შტატების სენატორი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის ბრალდების თექვსმეტივე ეპიზოდში, მექრთამეობის ჩათვლით, რომელიც მის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით იყო წარდგენილი.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მსაჯულები სამი დღის განმავლობაში, 12 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ, სანამ ვერდიქტს მიაღწიეს სასამართლო საქმეზე, რომელიც ცხრა კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. 70 წლის მენენდესმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ყველა ბრალდებაზე, რომელშიც უცხოეთის აგენტად მოქმედება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაც შედიოდა.

აშშ-ის საოლქო მოსამართლე სიდნი სტაინმა მენენდესისთვის სასჯელის შეფარდების დღედ 29 ოქტომბერი დანიშნა, ერთი კვირით ადრე 5 ნოემბრის არჩევნებამდე, რომელშიც მენენდესი მონაწილეობს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რათა სენატში კიდევ ექვსი წლის ვადით არჩევას მიაღწიოს, მაგრამ მისი გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.

უფროსი მსაჯულის მიერ ვერდიქტის გამოცხადების დროს მენენდესი იდაყვებით მაგიდას ეყრდნობოდა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და პირდაპირ იყურებოდა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მენენდესმა თქვა, რომ მას გაასაჩივრებს.

ასევე ნახეთ: ბრალდება: სენატორი მენენდესი მოქმედებდა, როგორც უცხოეთის არარეგისტრირებული აგენტი

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა მენენდესს დაუყოვნებლად მოუწოდა გადადგეს, რათა „გააკეთოს ის, რაც სწორია მისი ამომრჩევლების, სენატის და ჩვენი ქვეყნისთვის“. ნიუ-ჯერსის დემოკრატმა გუბერნატორმა ფილ მერფიმ თქვა, რომ თუ მენენდესი არ გადადგება, სენატმა მის გაძევებას კენჭი უნდა უყაროს.

სასამართლო, ფედერალური პროკურორების განცხადებით, ეხებოდა მექრთამეობის რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ სქემას, რომელთა მეშვეობითაც სენატორმა და მისმა მეუღლე ნადინ მენენდესმა ასობით ათასი დოლარი ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, ავტომანქანის და იპოთეკურ სესხზე გადახდები მიიღეს სამი ბიზნესმენისგან, რომლებსაც მისი დახმარების მიღება სურდათ.

მიღებული ქრთამების სანაცვლოდ, მენენდესი დაეხმარა მილიარდობით დოლარის მოცულობის ამერიკული დახმარება ეგვიპტისკენ მიმართულიყო, სადაც, პროკურორების თანახმად, ერთ-ერთ ბიზნესმენ ვაელ ჰანას მთავრობის ოფიციალურ პირებთან კავშირები აქვს.

ნადინ მენენდესის სასამართლო მოგვიანებით შედგება. ის თავისი ქმრის სასამართლოს არ ესწრებოდა მას შემდეგ, რაც მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა.