უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მშვიდობის მეორე სამიტს, რომლის გამართვაც ნოემბერში იგეგმება, რუსეთის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. ორშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი მიზანია, ამ დროისთვის მზა გეგმა ჰქონდეს და კიევმა კიდევ ერთი საერთაშორისო სამიტის გამართვა შეძლოს.
გასულ თვეში, შვეიცარიაში გამართულ პირველ სამიტზე, უკრაინამ 92 ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლა, რათა დაეწინაურებინა საკუთარი სამშვიდობო გეგმა. რუსეთი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, სამიტზე მიწვეული არ იყო.
ასევე ნახეთ: ორბანი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი მშვიდობის შუამავალი იქნება„მე დავისახე მიზანი, რომ ნოემბერში გვქონდეს სრულიად მზა გეგმა. ვფიქრობ, მეორე სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ“, - განაცხადა კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ეს განცხადება ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც გასულ კვირას, ნატოს სამიტში მონაწილეობდა.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, სამიტის დროს, ზელენსკისთან შესაძლო დიპლომატიური მოლაპარაკებები განიხილეს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. თუმცა, თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს.
”ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით დიპლომატიას, როდესაც უკრაინა მზად იყო, მაგრამ არასოდეს ყოფილა ნათელი, რომ კრემლი მზად არის რეალური დიპლომატიისთვის”, - თქვა მილერმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის წარმომადგენლები შეიძლება მიიწვიონ მომდევნო საერთაშორისო სამიტზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გასულ კვირას, განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაესწრება მომდევნო სამიტს. კრემლი ნაკლებად კატეგორიული იყო და თქვა, რომ მეორე სამიტის გამართვის იდეას „კონკრეტული შინაარსი არ აქვს“.
პირველ სამიტზე, ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" ათი პუნქტიდან სამი განიხილეს, მათ შორის, სასურსათო უსაფრთხოება, ბირთვული უსაფრთხოება და სამხედრო ტყვეებისა და ბავშვების გათავისუფლება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეორე სამიტზე განიხილება გეგმა, რომელიც წინასწარ იყო შემუშავებული სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ათობით ქვეყნის მიერ.