სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ „უპასუხისმგებლო“ განცხადებები.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, უწყებაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ შეფასაებდა მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს“ - თქვა ე.წ. „გლობალურ ომის პარტიაზე“ მეთიუ მილერმა. „როგორც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გუშინ გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა სთხოვა ამერიკულ საოგადოებას, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები, სანამ ფაქტები არ გვეცოდინება, იმავეს მოვუწოდებდი უცხო ქვეყნებსაც“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელებს ერთიანობისა და მშვიდობისკენ მოუწოდებსსახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ასევე თხოვეს შეეფასებინა კრემლის განცხადება. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა ატმოსფერო, რომელმაც თავდასხმის პროვოცირება მოახდინა.
„ცხადია, ეს არის წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო კომენტარები კრემლისგან. ეს მათი უპასუხისმგებლო კომენტარების სერიის ნაწილია და რა თქმა უნდა, ისინი აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - თქვა მილერმა.
Your browser doesn’t support HTML5