რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს.
“საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ძალაუფლების შეცვლას საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის”,- ნათქვამია რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პუტინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ზუსტად იციან ეს სავარაუდო გადატრიალება, თუ ხელისუფლების ცვლილება როგორ წარიმართება. რაიმე ტიპის მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, რუსეთში ამბობენ, რომ თბილისში ყველაფერი “საუკეთესო ჰოლივუდური ტრადიციებით” მოხდება.
“ცნობილი გახდა სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები, შეთხზული "საუკეთესო ჰოლივუდის ტრადიციებით". თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, პროპაგანდისტული კამპანია დაგეგმილია „სენსაციური გამოცხადების“ საფუძველზე: რუსეთი არის დამნაშავე საქართველოს ყველა უბედურებაში. ამავდროულად, აქცენტი გაკეთდება „ქართული ოცნების“ განმმუხტავ ბრალდებებზე „დამოუკიდებლობის პოლიტიკურ არარსებობაზე“, რომელიც „გემ საქართველოს“ ალისფერი იალქნებით ევროპის ნაპირებს აშორებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის სამთავრობო განცხადება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაციებას პროპაგანდას უწოდებს და ის ქვეყანაში გადატრიალების წინაპირობად მიაჩნია. როგორც ჩანს, კრემლი საფრთხეს ხედავს საქართველოს პრეზიდენტშიც. განცხადებაში განსაკუთრებითაა ხაზგასმული მისი როლიც.
“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში. „ვაშინგტონელი რეჟისორების“ გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესის „დეგრადაციაში“ და გააფრთხილებს „ფართო საზოგადოებას“ „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებზე“, ასევე რუსეთიდან გადასახლებულების მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზარალზე. ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის მეშვეობით აპირებს ამომრჩევლების მომზადებას „ქართული ოცნების ოპოზიციის მხრიდან რაიმე სახის პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც საბოლოოდ შეიძლება კიდევ ერთი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს”,- წერენ რუსეთის სადაზვერვო უწყებაში.
რუსეთში ამბობენ, რომ ქვეყანაში გადატრიალების წინაპირობა იქნება საპროტესტო აქციები და რომ ამ აქციის ორგანიზატორები არც მსხვერპლზე წასვლისგან დაიხევენ უკან.
“აქციის მონაწილეთაგან გათვალისწინებულია „წმინდა მსხვერპლი“, რომელიც „ხალხის რისხვას“უსაფრთხოების ძალებისკენ მიმართავს. პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება. საკმარისია გავიხსენოთ კიევის „მაიდანი“ ათი წლის წინ, სადაც ასობით ადამიანი დაასვენეს „დემოკრატიის საკურთხეველზე“, მათ შორის ქართველი დაქირავებული სნაიპერების მიერ დახვრეტილები”, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთს არცერთი მტკიცებულება აღნიშნულნი განცხადების გასამყარებლად, არ წარუდგენია. განცხადება დღეს, 9 ივლისს გამოქვეყნდა.