ხუთშაბათს, რუსეთმა აშშ-ის მოქალაქეს 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობის ბრალდებით.
სასამართლოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რობერტ ვუდლენდი, რუსეთში დაბადებული აშშ-ის მოქალაქე, ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობდა.
ვუდლენდის ადვოკატებმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადეს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან მათი კლიენტის დანაშაული დადასტურებული არ არის და ამასთან, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადვოკატებს, ვუდლენდის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებიათ.
ასევე ნახეთ: რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრებირუსული მედია იტყობინება, რომ ვუდლენდის სახელი იგივეა, რაც აშშ-ის მოქალაქის, რომელის ინტერვიუც 2020 წელს, რუსულ სატელევიზიო შოუში გავიდა და სადაც თქვა, რომ იგი დაიბადა რუსეთში, 1991 წელს და იშვილა ამერიკელმა წყვილმა, როდესაც ის ორი წლის იყო. ვუდლენდი, რუსული მედიის ცნობით, რუსეთში გაემგზავრა ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად, რომელსაც იგი საბოლოოდ რუსულ სატელევიზიო შოუში შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ვუდლენდს, როგორც ჩანს, აშშ-ის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ვუდლენდი უერთდება ამერიკელთა გრძელ რიგს, რომლებიც ბოლო წლებში დააკავეს რუსეთში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემცირების ფონზე. ვაშინგტონმა გააფრთხილა რუსეთში მცხოვრები ამერიკელები, დაეტოვებინათ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის უშიშროების სამსახურების მხრიდან უკანონო დაკავებებისა და შევიწროების რისკის ქვეშ იქნებოდნენ.
შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა რუსეთი აშშ-ის მოქალაქეების პოლიტიკური ვაჭრობის მიზნით გამოყენებაში. მაგრამ, რუსეთი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მოქალაქეები დააკავეს, რადგან ისინი კანონებს არღვევდნენ.