23 ივნისს, საქართველოს მოსაზღვრე დაღესტნის მთავარ ქალაქებში, მაჰაჩკალასა და დერბენტში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე და ებრაულ სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა.
თავდამსხმელებმა 16 მილიციონერი, 4 სამოქალაქო პირი და რუსი მღვდელი მოკლეს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ექვსი ტერორისტი მოკლულია, მათ შორის არის, შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავის ჰაბიბ ნურმაჰომედოვის კლუბის - Eagles MMA-ს წევრი ჰაჯიმურატ კაჰიროვი. თავდამსხმელებმა დერბენტში დაწვეს 1914 წელს აგებული კელე-ნუმაზის სინაგოგა. რეალურად, რამდენი ადამიანი იღებდა მონაწილეობას თავდასხმაში ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
რუსეთმა ეს ტერაქტი, ისევე როგორც მარტში, მოსკოვის რეგიონში, „კროკუს ჰოლზე“ სისხლიანი თავდასხმა, რომლის დროსაც 145 ადამიანი მოკლეს, კვლავ უკრაინას და დასავლეთს დაუკავშირა, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება, არც ამჯერად წარმოუდგენია.
დაღესტნის ტერაქტზე, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას, ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ აუღია, შესაბამისად, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, ვის სჭირდებოდა და რა მიზნით, „რადიკალური ისლამისტების“ საფარქვეშ, ეკლესიებზე და სინაგოგაზე ორგანიზებული თავდასხმა? ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას ესაუბრა:
- თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა დაღესტანში? ერთის მხრივ, ვნახეთ რომ მოკლეს რუსული ეკლესიის მღვდელი, გადაწვეს სინაგოგა, დახოცეს 20-მდე პოლიციელი, მაგრამ არავის ამ სისხლიან ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ექსპერტების განცხადებით, ეჭვს იწვევს, როგორც რუსეთის მცდელობა პასუხისმგებლობა „გარე ძალებზე“ - უკრაინა/ნატოზე გადაიტანოს, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ერთ-ერთი რგოლის განცხადება, რომ თითქოს, თავდასხმა დერბენტსა და მახაჩკალაში, ISIS-ის „კავკასიის ვილაეთმა“ განახორციელა. ეს „ვილაეთი“ რუსეთმა განადგურებულად ჯერ 2019-ში, შემდეგ კი 2021 წელს გამოაცხადა. რასთან გვაქვს საქმე?
- ძალიან რთულია, ამ ეტაპზე, როცა თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღე არის გასული შეფასების გაკეთება. მაგრამ, ის, რომ ამ დრომდე ამდენი პოლიციელის მოკვლაზე, მღვდლის დახვრეტაზე და სინაგოგის გადაწვაზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო, ნამდვილად ბევრ კითხვას ბადებს.
ვფიქრობ, რომ არც რუსეთის სპეცსამსახურების „თვითშემოქმედებაც“ უნდა გამოვრიცხოთ. მე მაინც მგონია, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური, იყო შემზადებული და მიზანი ამ თავდასხმებისა, იყო დაღესტნის მოსახლეობის დაშინება, ელიტებს შორის შიდა დაპირისპირების და კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივება, რომ დიდი კონფლიქტით, რუსეთმა შეძლოს და განაგრძოს დაღესტნის კონტროლი
მე ვფიქრობ, რომ არც რუსეთის სპეცსამსახურების „თვითშემოქმედებაც“ უნდა გამოვრიცხოთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ხდებოდა სპეციალური ფონის შექმნა დაღესტანში, იგივე ანტისემიტური ფონის, როცა ბრბო, თითქოს, ისრაელის მოქალაქეებს, ებრაელებს, მაჰაჩკალის აეროპორტში, თვითმფრინავის ილუმინატორებშიც კი ეძებდა.
ამ ნარატივის „გაგრძელება“, თუ სპეცსამსახურებს ეს ფონი სჭირდებათ, ვფიქრობ „ტექნიკის საკითხია“. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე ეს თავდასხმა დერბენტსა და მაჰაჩკალაში, იყო კარგად ორგანიზებული, დაგეგმილი, კოორდინირებული, განხორციელდა ორივე ქალაქის ცენტრში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ან, საერთოდ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რაც რთული წარმოსადგენია, ან უბრალოდ შეუშვეს ეს ჯგუფები, დაღესტნის გულში სასაკლაოს მოსაწყობად.
მე მაინც მგონია, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური, იყო შემზადებული და მიზანი ამ თავდასხმებისა, იყო დაღესტნის მოსახლეობის დაშინება, ელიტებს შორის შიდა დაპირისპირების და კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივება, რომ დიდი კონფლიქტით, რუსეთმა შეძლოს და განაგრძოს დაღესტნის კონტროლი.
დაღესტანს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ვიცნობ შიგნიდან, ათეულობით მეგობარი მყავს სამეცნიერო წრეებში, ეს არის მულტი კულტურული, მულტი ეთნიკური და მულტი კონფესიური სივრცე, საზოგადოება, სადაც მრავალ ენასთან, მრავალ რელიგიასთან ერთად, მიმდინარეობს ერთი, დაღესტნელი ერის ფორმირების რთული პროცესი.
ამის პარალელურად, რუსული პროპაგანდა დაღესტანს წარმოაჩენს, რაღაც ველურ სივრცედ, „ისლამისტი ტერორისტების“ თავშესაფრად. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, ამ თავდასხმების რაღაც „დაღესტნის ფენომენით“ ახსნა.. არა, მეგობრებო, ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოროასტრიზმიც კი დღემდე დაღესტანში მოქმედი რელიგიებია. ეს კონფესიები ერთად თანაარსებობენ დაღესტანში. ამიტომ, ამ თავდასხმების მიზეზს მე უფრო ვხედავ, დაღესტნის მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვხედავ პოლიტიკურ მიზეზებს.
პოლიტიკურში ვგულისხმობ, კრემლის პოლიტიკას, კონფლიქტების, დაშინების გზით აკონტროლოს დაღესტანი, რომელშიც სულ უფრო და უფრო მეტად ისმის თავისუფლების ხმა. დაღესტნის დამოუკიდებლობის პროექტი, რომელიც როგორც უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტშიც კი წარმოადგინეს დაღესტნელებმა, მათ შორის, აჰმად აჰმედოვმა, ცნობილმა სპორტსმენმა და დაღესტნელმა პატრიოტმა აქტივისტმა.
Your browser doesn’t support HTML5
დაღესტანი, ისევე როგორც მთელი ჩრდილოეთ კავკასია, დღემდე, ე.წ „საგანგებო კონტრტერორისტული ზონაა“ და ინფორმაციის კუთხით, აბსოლუტურად დახურულია. დამოუკიდებელი მედია იქ ბუნებრივია არ არსებობს. თქვენ აქტიურად თანამშროლობთ დაღესტნელებთან, ისინი ხშირად ჩამოდიან კავკასიოლოგთა კონგრესზე, ასევე დაღესტნის დიდი დელეგაცია იყო თბილისში, შარშან, დაღესტნელი კლასიკოსის რასულ ჰამზათოვის 100 წლის იუბილეზე. თუ გქონდათ ახლა კონტაქტი მათთან და რას ფიქრობენ ისინი ამ სისხლიან თავდასხმებზე?
ჩვენ ვნახეთ, „კროკუს ჰოლში“ ტერაქტი, რა დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, მაშინაც მოხდა უკრაინის და აშშ-ის „დადანაშაულება“, მაგრამ ამის იქეთ, მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ახლაც იგივე ხდება
თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენთან კონგრესზე, შარშან და შარშანწინ დაახლოებით 200-მდე დაღესტნელი იყო ჩამოსული, ეს სხვადასხვა კონფესიის ხალხია, რომელთანაც კავშირი არ წყდება. დღესაც ვესაუბრე, გუშინაც, გუშინწინაც, მივუსამძიმრე...რაც შეეხება მათ პოზიციას. ამ თავდასხმების მოტივი არ ჩანს და ჩემს მეგობრებთან საუბარშიც, ეს მოტივი ჯერ არ იკვეთება.
რა თქმა უნდა, დაღესტანში არსებული რუსული რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმიდან გამომდინარე მოვერიდები მათი პოზიციების სრულად გასაჯაროებას, თუმცა კითხვები მათაც ბუნებრივია, უამრავი აქვთ.
მაგალითად, რუსული პროპაგანდა ხაზს უსვამს რომ ქრისტიანულ დღესასწაულზე მოხდა რუსულ ეკლესიაზე თავდასხმა...სამებობას იგივე სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ კალენდარშია და 23 ივნისს აღინიშნება, ისლამის წარმომადგენლები დაღესტანში საერთოდ არ იცნობენ. ამიტომ ეს პროპაგანდაც, რაღაც ფონის შექმნას ემსახურება.
კითხვებია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კვალი უკრაინისკენ „მიდის“. კი, სწორად ბრძანებთ, რომ რუსეთი დაღესტანს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს, მაგრამ ამ პროპაგანდის ხალხს იქ ნაკლებად სჯერა.
ჩვენ ვნახეთ, მარტში, მოსკოვთან, „კროკუს ჰოლში“ ტერაქტი, რა დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, მაშინაც მოხდა უკრაინის და აშშ-ის „დადანაშაულება“, მაგრამ ამის იქეთ, არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ახლაც იგივე ხდება, კრემლის პროპაგანდისტები საუბრობენ რაღაცა „გარე ძალების“ დაკვეთაზე, მაგრამ ამის იქეთ არაფერი არ ხდება. ნუ, რა თქმა უნდა, როგორც „კროკუსში“ და ახლაც, დაღესტანში, „უკრაინულ“ ან „ამერიკულ“ კვალზე საუბარი არის აბსურდი, ცხადია, რომ კრემლის ინტერესებშია, რომ ტერორის გზით, დაღესტანი და სხვა რესპუბლიკები იყოს დაშინებული.
ცნობილი დაღესტნელი აქტივისტი აჰმად აჰმედოვი ახსენეთ, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და მაჰომედ საიპულაევთან ერთად, იმამ შამილის სახელობის დაღესტნელ მოხალისეთა ბატალიონს უდგას სათავეში. მისი ვერსიით, დიდი კონფლიქტი ჰქონდათ დაღესტნის შსს მინისტრს მაჰომედოვს, რომელიც დაღესტანში ძალიან გავლენიანი ფიგურაა, ეს პოსტი უკვე 14 წელია უჭირავს და სერგოკალას რაიონის ხელმძღვანელს ომაროვს, რომლის შვილიც და ძმისშვილებიც მოკლა რუსულმა სპეცრაზმმა, 23 ივნისის შეტაკების დროს, თავად ომაროვი კი დააპატიმრეს.
აჰმედოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მაჰომედოვებისა და ომაროვების ეს კონფლიქტი, სისხლიან „ეთნო-რელიგიურ თავდასხმად“ გადააქციეს, რომლის მიზანიც დაღესტანზე და დაღესტნელებზე ზეწოლის გაძლიერებაა. კრემლში ძალიან უკმაყოფილოები ყოფილან იმ ფაქტით, რომ სულ უფრო მეტი დაღესტნელი არიდებს თავს, ბოლო მობილიზაციას და უკრაინაში საომრად წასვლას...
ეს ვერსია ყველაზე რეალური მგონია. მოდი იმით დავიწყოთ, რომ ომაროვის საკითხი არის პრობლემური, ის იყო პუტინის პარტიის „ედინაია რასიას“ წევრი, 14 წელია ისიც რაიონის მეთაურია, შესაბამისად, ომაროვი და მისი დიდი ოჯახი, 8 შვილი ჰყავს, თუ “რადიკალურ ისლამისტებს” წარმოადგენდნენ, ეკლესიაზე და სინაგოგაზე თავდასხმას გეგმავდნენ, რუსეთის სპეცსამსახურებს ელემენტარული ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონოდათ?
ასე აფეთქდა რუსეთში 1999 წელს, საცხოვრებელი სახლები, კორპუსები, (დაღესტანის ქალაქ ბუინაკსში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში) და დღემდე უცნობია ვინ ააფეთქა და არავინ ეს ტერორისტული აქტები საკუთარ თავზე არ აიღო, შემდგომ დაბრალდა ჩეჩნებს, ვიღაცეები გასამართლდნენ და ამ დროს, ამ საბაბით, მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო და სისხლის ტბორები დააყენეს ჩეჩნეთში
ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი სჭირდება, ომაროვის მხოლოდ პარტიიდან გარიცხვა, დაპატიმრება ან ბოდიშის მოხდა (რისი გაკეთებაც ომაროვებს საჯაროდ აიძულეს) არ შველის.
აი, წარმოიდგინეთ ერთდროულად სამი მახასიათებელი უკავშირდება ერთმანეთს. ამ სიტუაციის ყაბარდო-ბალყარეთში გადატანის მცდელობა, რომ თითქოს, ერთი მონაწილე იქედან არის...მეორე, სინაგოგის დარბევა და აოხრება, ტერორი და მღვდლის ჩაცხრილვა ეკლესიაში, ქრისტიანულ რელიგიურ დღესასწაულთან კავშირი ამ ტერორისტული აქტისა...
წარმოიდგინეთ ახლა, რომ უცნობი ტერორისტები, ასე სხედან და აკოწიწებენ, ერთდროულად სამ კომპონენტს ერთმანეთში და ამავდროულად, მიზანი არ ჩანს.
მე არ მახსენდება, ისლამისტი ტერორისტების მოწყობილი ტერაქტი, რომელსაც ავტორი არ ჰყოლია. არ ყოფილა ასეთი რამ, როდესაც, ხდება ასეთი (ტერაქტი) რამ, იატაკქვეშეთში ეგრევე ჩნდებიან ავტორები და იღებენ პასუხისმგებლობას, ჩანს მიზანიც და მიზეზიც, თუ რატომ აკეთებენ ამას. აქ ხომ ეს არაფერი არ ჩანს?
კიდევ რა არის მთავარი. ამ ხალხს, რომლებსაც ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებენ, ფიზიკურად ანადგურებენ და თქვენ როგორ გინდათ სიმართლე გაიგოთ? ფიზიკურად განადგურებულმა მოსკოვის მიდამოებში თუ დაღესტანში, როგორი ჩვენება უნდა მისცეს?
მოკლულია ექვსი კაცი, რომელსაც კრემლი შემსრულებლად აცხადებს, მოდი ახლა ვიკვლიოთ, ამ ექვს კაცს გუნებაში რა ჰქონდა? როდესაც შესაძლებლობა გაქვს, ისინი ცოცხლად აიყვანო, დაკითხო და შემდგომ გამოძიება აწარმოო, მთელი ქსელის გამოსავლენად, ეს (სტანდარტი) რუსეთში არ არსებობს. მით უმეტეს, რომ დაღესტანში ყველამ იცის, რომ თავდამსმელთა რიცხვი, მაჰაჩკალაში, დერბენტში და ომაროვების ქალაქ სერგოკალაში გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ამაზე დღეს ყველა დუმს.
ასე აფეთქდა რუსეთში 1999 წელს, საცხოვრებელი სახლები, კორპუსები, (დაღესტანის ქალაქ ბუინაკსში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში) და დღემდე უცნობია ვინ ააფეთქა და არავინ ეს ტერორისტული აქტები საკუთარ თავზე არ აიღო, შემდგომ დაბრალდა ჩეჩნებს, ვიღაცეები გასამართლდნენ და ამ დროს, ამ საბაბით, მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო და სისხლის ტბორები დააყენეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რომელიც დამოუკიდებლობას ესწრაფვოდა.
დაშინების პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტია ყველაფერი ის, რაც რუსეთის ხელით კავკასიაში ხდება. ამას დაგეგმილი ხასიათი აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ქაოტურად ხდება. გამოჩნდებიან შემსრულებლები მაშინ, როცა ამას რუსეთის ტერორისტული ჩარჩო-ქმედება მოთხოვს. რასაც დაღესტანში ვხედავთ.
Your browser doesn’t support HTML5
აჰმად აჰმედოვმა ახსენა, რომ ეს ტერაქტი და მასში, „უკრაინის კვალის“ ძიება, კრემლს უკრაინის ომისთვის და მორიგი მობილიზაციისთვის სჭირდება. მობილიზაციისთვის, რომელიც უკრაინაში ჩახოცილი, დაღესტნელების, ჩეჩნების, ინგუშების, ოსების, ყაბარდოელების, ბალყარელების თუ ადიღეელების ფონზე, მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში და განსაკუთრებით დაღესტანში ძალიან რთულად მიდის...
შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად, ადგილობრივი გავლენიანი მუფთების და შეიხების გადაბირებისა და ომის სასარგებლოდ ყოველდღიური პროპაგანდისა, პუტინმა უკრაინის ომი, ჩრდილოეთ კავკასიაში, იგივე დაღესტანში „სამამულო ომად“ ვერ გაყიდა?
თქვენ ნახეთ რამხელა პროტესტი იყო დაღესტანში, როდესაც უკრაინაში ერეკებოდნენ დაღესტნელებს და სულ მცირე ხანში, 1000-ზე მეტი დაღესტნელი მკვდარი ჩამოასვენეს იქედან. ეს ხდებოდა მათი ნების საწინააღმდეგოდ, დაღესტანს არაფერში არ სჭირდება ეს ომი
რა თქმა უნდა! თქვენ ნახეთ (2022 წელს) რამხელა პროტესტი იყო დაღესტანში, როდესაც უკრაინაში ერეკებოდნენ დაღესტნელებს და სულ მცირე ხანში, 1000-ზე მეტი დაღესტნელი მკვდარი ჩამოასვენეს იქედან. (სხვა წყაროებით, უკრაინაში უკვე 3000-მდე დაღესტნელია დაღუპული) ეს ხდებოდა მათი ნების საწინააღმდეგოდ, დაღესტანს არაფერში არ სჭირდება ეს ომი. და, საერთოდ არაფერი არ აკავშირებს, მოსკოვთან და პეტერბურგთან. საშუალო სტატისტიკურ დაღესტნელს არაფერი საერთო, საშუალო სტატისტიკურ პეტერბურგელთან, კოსტრომელთან ან ურალელთან არ აქვს.
ეს არის დამოუკიდებელი, იზოლირებული საზოგადოება, დამოუკიდებლად ვითარდება და მათ შორის, კონფლიქტის გაღვივება, შურის ჩამოგდება ცხადია, რომ რუსეთის ინტერესებშია. მაგრამ, დაღესტანს ასე მარტივად ვერ ააფეთქებენ, დაღესტანი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა, ეს არის მყარი საზოგადოება, რომელსაც საერთო დაღესტნური პატრიოტიზმი უკვე გააჩნია.
მაგალითად, თურქული წარმომავლობის ყუმიკები და საკუთრივ დაღესტნური წარმომავლობის, დაღესტნელები (ხუნძები, დარგოელები, ლეზგები, ლაკები...) შესანიშნავად მეგობრობენ, თათებთან, რომლებიც ენით ინდოევროპელები, მაგრამ ამავდროულად, რელიგიურად იუდაიზმის მიმდევარნი არიან.
ასეთი უნიკალური შესაძლებლობების ქვეყანაა დაღესტანი, ოღონდ, რუსული მოსახლეობის ანუ იმპერიისთვის ადგილობრივი, ბუნებრივი დასაყრდენის გარეშე. თვით კასპიის ზღვის სანაპიროზეც კი, რუსებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზეც, რუსული მოსახლეობა აღარ არის.
ეს შემთხვევითობა არ არის, ეს არის დაღესტნური ფენომენი, რასაც რუსეთი, როგორც ეტყობა „უკირკიტებს“. ცნობილია, რომ რუსეთის დასაყდენი კავკასიაში არის არა ადამიანური რესურსი, არამედ კონფლიქტები, ასეთი არის მოგონილი ინგუშურ-ოსური კონფლიქტი, ინგუშურ-ჩეჩნური, ყაბარდო-ბალყარული, ქართულ-აფაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტი...
ამზადებდნენ დაღესტნურ-ჩეჩნურ კონფლიქტსაც, რომელიც რუსული სცენარით არ განვითარდა, რადგან რამზან კადიროვმა თქვა თვითონ უარი და მანქანებიც აჩუქა დაღესტნელებს, ზოგი რამ გადაყლაპა, შეურაცხყოფებიც კი, იმიტომ, რომ მიხვდა, დაღესტანს და ჩეჩნეთს ტყუილად აჭიდებენ.
უკრაინაში რაც რუსეთმა ჩაიდინა, იმის შემდეგ, მოხუცების მოკვლა, თუნდაც სასულიერო პირებისა არ უნდა გაგვიკვირდეს. რატომ? იმიტომ რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, საშუალება კი იმისთვის არის, რომ კავკასია გაკონტროლდეს, რომელიც რუსეთს ხელიდან ეცლება
მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „ერთმორწმუნე“ რუსეთი არცერთ ქრისტიანს არ ინდობს, იგივე უკრაინაში და მთელ მსოფლიოში, კავკასიაში კავკასიელებს, ბოლო ადამიანამდე, ბოლო ეთნიკურ ერთეულამდე გაწირავს, როგორც ეს უბიხების შემთხვევაში მოხდა.
ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინაში რაც რუსეთმა ჩაიდინა, ტერორისტულმა სახელმწიფომ, იმის შემდეგ, მოხუცების მოკვლა, თუნდაც სასულიერო პირებისა არ უნდა გაგვიკვირდეს.
რატომ? იმიტომ რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, საშუალება კი იმისთვის არის, რომ კავკასია გაკონტროლდეს, რომელიც რუსეთს ხელიდან ეცლება.
ეს არის სერიოზული პრობლემა. დაღესტანი დღეს არის 3 მილიონიანი აუდიტორია, მკვეთრი ანტირუსული განწყობით, სიღარიბით და მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით და იქ ძალიან ცოტა დარჩა რუსული მოსახლეობა, ჯარს და სპეცსამსახურებს თუ არ ჩავთვლით.
რუსული მოსახლეობა ჭარბად არის ოსეთში, არის ჩერქეზულ რესპუბლიკებში და იმ არეალში, მაგრამ თითქმის აღარ არის დაღესტანში, ამიტომ კონფლიქტის გზით კონტროლი არის ის გზა, რითაც რუსეთი დაღესტანში შერყეული პოზიციების გამაგრებას ცდილობს.
ის, ფაქტი, რომ ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შორის, დაღესტნის ხელისუფლების წარმომადგენლის შვილი და ძმისშვილები აღმოჩდნენ, ბევრი დასავლელი ექსპერტისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ამავე დროს, ექსპერტების ნაწილი ბოლომდე არ გამორიცხავს, თავდასხმის უკან რადიკალი ისლამისტების დგომას და კრემლისგან მეტ მტკიცებულებას ელის, რაც ამ დრომდე არ ჩანს, გაქვთ მოლოდინი რომ კრემლი რაიმეს წარმოადგენს?
ის, რომ საერთაშორისო ტერორიზმი არსებობს, მათ შორის, ისლამისტი ტერორისტები არსებობენ, ეს ყველამ ვიცით, სიახლე არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში იმას ვხედავთ, რაც რუსეთს არაერთხელ უქნია, ტერაქტს უკვე მერამდენედ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, „უჩინარ ძალებს“ აბრალებენ.
ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმს იგივე ახლო აღმოსავლეთში, სხვაგანაც და მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე, თავად რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს. მე მგონი ამომწურავად გავეცი თქვენს კითხვაზე პასუხი.