რუსეთის ატომურ რეაქტორიანმა წყალქვეშა ნავებმა ბარენცის ზღვაში წვრთნები ჩაატარეს

რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, ფლოტის ახალი ამბების სამსახურზე დაყრდნობით, გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ატომურმა წყალქვეშა ნავებმა, ბარენცის ზღვაში წვრთნების დროს, საზღვაო სამიზნეებს ფრთოსანი რაკეტები ესროლეს.

სააგენტო „ტასი“ იუწყებოდა: „ჩრდილოეთის ფლოტის ატომურმა წყალქვეშა სარაკეტო კრეისერებმა ბარენცის ზღვაში სამიზნეების მიმართულებით რაკეტების პრაქტიკული გაშვება განახორციელეს.“

„ინტერფაქსის“ ცნობით, ატომურმა წყალქვეშა ნავებმა „სევეროდვინსკმა“ და „არიოლმა“ დაახლოებით 170 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეს, რომელიც წარმოსახვითი მტრის სადესანტო ხომალდების რაზმის სიმულაცია იყო, „კალიბრი“ და გრანიტი“ ფრთოსანი რაკეტები ესროლეს.“

სააგენტოს თქმით, „კონტროლის ობიექტური მონაცემების თანახმად,საბრძოლო წვრთნა წარმატებით შესრულდა... გამოყენებულმა იარაღმა მისი მონაცემები და მაღალი საიმედოობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.“ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ, სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე ნახეთ: რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სიმულაციის წვრთნებს იწყებს

სამოქალაქო ნაოსნობისთვის და ავიაციისთვის, რაკეტების გაშვების ადგილი წინასწარ ჩაიკეტა. ბარენცის ზღვა ნორვეგიის და რუსეთის ჩრდილოეთ სანაპიროებთანაა და ნორვეგიის და რუსეთის ტერიტორიულ წყლებად არის დაყოფილი.