დიდი შვიდეული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის სესხის მიცემის შეთანხმებაზე შეჯერდა

ხუთშაბათს დიდი შვიდეულის ლიდერები შეჯერდნენ ზოგად შეთანხმებაზე, უკრაინას მისცენ 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, რომლისთვისაც რუსული სუვერენული აქტივების სარგებელს გამოიყენებენ. რუსული აქტივები 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ არის გაყინული.

ეს პოლიტიკური შეთანხმება, დიდი შვიდეულის ყოველწლიური შეხვედრის პირველი დღის მთავარი მოვლენა გახდა. დიდი შვიდეულის შეხვედრას, რომელიც წელს სამხრეთ იტალიაში იმართება, უკვე მეორე წელია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება. მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ხელი მოაწერა უსაფრთხოებაზე ახალ, ხანგრძლივ შეთანხმებას მას შემდეგ, რაც იაპონიასთან ასეთივე 10 წლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ტოკიო კიევს პირდება, რომ წელს 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება, რაც დასავლეთის მხრიდან ძლიერ უწყვეტ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

ასევე ნახეთ: "გაყინული" რუსული აქტივები - რა გეგმა აქვს ევროკავშირს

ბაიდენმა გაყინული აქტივების შესახებ შეთანხმებას უწოდა რა „მნიშვნელოვანი შედეგი“, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს „კიდევ ერთი შეხსენებაა პუტინისთვის, რომ ჩვენ უკან არ ვიხევთ“.

უკრაინისთვის განკუთვნილი დიდი შვიდეულის გეგმა ეფუძნება მრავალწლიან სესხს, რომლის წყაროც, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსული სუვერენული აქტივების სარგებელი იქნება. ეს აქტივები, რომელთა უმეტესი ნაწილი ევროკავშირშია, ამჟამად დაყადაღებულია.

შეთანხმების ტექნიკური დეტალების საბოლოო ჩამოყალიბება მომავალ კვირებში მოხდება. დიდი შვიდეულის ქვეყნების შეწირულობების წყალობით, მოსალოდნელია, რომ ახალი დაფინანსება კიევს წლის ბოლოსთვის გადაეცემა.

დასავლეთის მცდელობას, რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავალი აიღოს, მოსკოვი კრიმინალად აფასებს და იმუქრება , რომ მისი პასუხი ევროკავშირისთვის ძალიან მტკივნეული იქნება