ოთხშაბათს, 12 ივნისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ „ჰამასი“ განსახილველად გამზადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში „უამრავი ცვლილების“ შეტანის შეთავაზებით გამოვიდა. ბლინკენის თქმით, ზოგიერთ მათგანზე მუშაობა შესაძლებელია, ზოგიერთზე კი არა.
„ისრაელმა შეთავაზება არსებული სახით მიიღო. „ჰამასმა“ ეს არ გააკეთა",-თქვა ბლინკენმა დოჰაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „მომავალ დღეებში ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან, კატართან, ეგვიპტესთან ერთად, ამ შეთანხმების მისაღებად, გადაუდებლობის საწყისზე მუშაობა გავაგრძელოთ.“
კატარი, ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შუამავლობდა.
კატარის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კატარი, შეერთებული შტატები და მათი პარტნიორები „მზად არიან მხარეების მიდგომები დაახლოვონ, რათა ომის რაც შეიძლება მალე დასრულების გზა გამონახონ“.
ასევე ნახეთ: პალესტინელების დაცვა მორალური ვალდებულებაა, უთხრა ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასცეცხლის შეწყვეტის სამსაფეხურიანი შეთავაზების თავდაპირველი ფაზა მოუწოდებს ბრძოლა შეჩერდეს, ღაზიდან ზოგიერთი მძევალი და ისრაელში დაკავებული ზოგიერთი პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდეს. პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დიდი ტალღა შევიდეს, ღაზის დასახლებული ადგილებიდან ისრაელის ჯარი გაიყვანონ და პალესტინელი სამოქალაქო მოსახლეობა თავის სახლებში და უბნებში დააბრუნონ.
მეორე ფაზა მოიაზრებს დაპირისპირების მუდმივ შეწყვეტას იმის სანაცვლოდ, რომ ღაზიდან ყველა სხვა მძევალი გათავისუფლდეს და ისრაელის ჯარმა ღაზა მთლიანად დატოვოს.
საბოლოო ფაზაში შედის მრავალწლიანი გეგმა ღაზის სექტორის აღსადგენად, რომლის უმეტესი ნაწილი, რვა თვის განმავლობაში ისრაელის მიერ დაბომბვებმა გაანადგურა. ამ ფაზაში უნდა მოხდეს ასევე დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნება.
მხარეებს შორის პოტენციური უთანხმოების წერტილები რჩება. მათ შორის „ჰამასის“ მოთხოვნა, ისრაელმა თავისი ძალები ღაზიდან გაიყვანოს და ისრაელის გაცხადებული ერთგულება თავისი მიზნისადმი, დაამარცხოს „ჰამასი“ და უზრუნველჰყოს, რომ ამ შეიარაღებულმა ჯგუფმა მომავალში ისრაელზე თავდასხმები ვერ შეძლოს.