ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს.
Your browser doesn’t support HTML5
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე, ალექსანდერ ვერშბოუს ნატოს მოახლოებული სამიტის შესახებ ესაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოს, ამ სამიტისგან, პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს. ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას, 2012 წლის თებერვლიდან, 2016 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.
ქართლოს შარშენიძე, ამერიკის ხმის ჟუნრალისტი: ელჩო ვერშბოუ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი მონაწილეობით, ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა და ძირითადი ფოკუსი უკრაინა-ნატოს ურთიერთობებზე იყო. მაგრამ, სად არის საქართველო? სად ხედავთ საქართველოს ამ პროცესში?
ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე: ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო ნატოსთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა.
ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა.
ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ.
ასევე ნახეთ: ნატოს სამიტზე საქართველოს "პოზიტიური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს"ამერიკის ხმა: ელოდებით, რომ საიუბილეო სამიტზე, რომელიც ივლისში აქ, ვაშინგტონში გაიმართება, ნატო კვლავ იტყვის, რომ საქართველოსთან მიმართებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება?
ვერშბოუ: ალბათ. მაგრამ, შეიძლება იყოს უფრო განახლებული მიდგომა უკრაინის მიმართ და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყოს საქართველოს შესახებ რაიმეს თქმა. ეს იმედგამაცრუებელი იქნება, მაგრამ ვშიშობ, ეს სავსებით შესაძლებელია.
მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.
ამერიკის ხმა: ჩვენ ვიხილეთ ვაშინგტონის ოფიციალური განცხადებები, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების, საქართველოსთვის პირდაპირი დახმარებისა და მასთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ. თუ ვაშინგტონი შეცვლის საქართველოს მიმართ პოლიტიკას, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ნატო საქართველოს ურთიერთობებისთვის?
ვერშბოუ: ვფიქრობ, მრავალი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ადმინისტრაცია უმკლავდება, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ, გადადგან თქვენ მიერ ნახსენები ზოგიერთი ნაბიჯი, დახმარების შემცირებისა და საქართველოსთან საერთო ურთიერთობების შემცირების კუთხით, თუ გამჭვირვალობის კანონის ეს პრობლემა არ გადაიჭრება.
აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ.
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკის ხმა: საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მუდამ გვესმის, რომ ნატო დემოკრატიების კლუბია. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, იყოს ძლიერი დემოკრატია იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს?
ვერშბოუ: ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ დემოკრატიული ცვლილება არის ძლიერი ფაქტორი, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ვფიქრობ სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ ვზრუნავთ საქართველოზე. მაგრამ ძლიერ გვაწუხებს, რომ თავად საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს.
Your browser doesn’t support HTML5